რაჭაში სამ ადგილას ხანძარია – ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთნენ

0

რაჭაში, სამ ადგილას, სოფელ ირთან, სოფელ ხიდეშელებთან და ასევე, სოფელ ურავსა და აბარს შორის, ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით, 30 ჰექტარზეა გავრცელებული და ძირითადად ხმელი ფოთოლი და ბუჩქნარი იწვის.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ჯაფარიძემ განუცხადა, ის ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას და ცეცხლი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს ონსა და ამბროლაურში. მუშაობა გრძელდება. რადგან ძლიერი დაკვამლიანება დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, მე შევხვდი მათ და ავუხსენი, რომ საფრთხე არ არსებობს. მეხანძრეები განლაგებულნი არიან გზასთან ახლო პერიმეტრზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დღის ბოლომდე შევძლოთ ხანძრის ლოკალიზება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად ონის მუნიციპალიტეტში 80, ხოლო ამბროლაურში 50 მეხანძრე მუშობს.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ლოკაციებამდე სამანქანო გზა არაა და ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ცეცხლის ქრობის სამუშაოებში. ისინი ცხენებით ეზიდებიან წყალს”,- დასძინა მან.

 

კომენტარები

კომენტარი