თემურ შაშიაშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში რეგიონების ინტერესები დაცული არ იქნება

0

პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თემურ შაშიაშვილი ქუჩის აქციებს ემიჯნება.
ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაშიაშვილი მომხრეა, რომ არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდეს და არ ემხრობა პროპორციულ სისტემას. მისი განმარტებით, პროპორციული სისტემის შემთხვევაში რეგიონების ინტერესები დაცული არ იქნება.

„იმის გამო,რომ ქუჩიდან მოსულმა ყველა ხელისუფლებამ უბედურება მოუტანა ქვეყანას, იმის გამო, რომ ქუჩაში გამოსული ყველა პოლიტიკური პარტია წინააღმდეგია მაჟორიტარული არჩევნებისა და გაერთიანდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეით, პირადად მე და პარტია “თეთრები” არა მარტო ვემიჯნებით ქუჩის აქციებს, არამედ მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ერთად ვუპირისპირდებით მათ. ჩვენ ასევე მიუღებლად ვთვლით ხელისუფლებას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ხალხი და ქვეყანა და ვიბრძვით მომავლის საქართველოსთვის, საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის! იმისთვის, რომ საქართველო გავათავისუფლოთ „ნაციონალური
მოძრაობის”, ”ქართული ოცნებისა” და მათი ნაგლეჯებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას არ გამოხატავს არც ხელისუფლება და არც ქუჩაში გამოსული პოლიტიკური ოპოზიცია. ორთავენი კი შეადგენენ იმ ერთობას, რომელმაც ხალხიც და ქვეყანაც დააჩოქა, ხალხის ძარცვის ხარჯზე მოიპოვა სიმდიდრეც და ძალაუფლებაც.

ყველას გასაგონად ვამბობთ: ორი ჯიუტის დაპირისპირება, აგრესია და ემოცია ,რაც უმოწყალოდ დაეუფლა პარლამენტსაც და რუსთაველის პროსპექტსაც, არის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების გზა, სისხლისღვრისკენ სვლის გზა.
ქართველ ხალხს, საქართველოს არ აქვს მომავალი, თუ არ გავთავისუფლდებით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თანამდებობებზე ყოფნის დროს დიქტატორობენ; ხალხს ძარცვავენ, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი საკუთარ თავს დემოკრატებს დადემოკრატიულ ოპოზიციას უწოდებენ. ასეთებითაა სავსე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. თავად დიქტატორები ებრძვიან დიქტატორს და იბრძვიან საკუთარი დიქტატურისთვის!
თავისუფალი და ღირსების მქონე ადამიანები ისე არ საუბრობენ, როგორც ხელისუფლების და ქუჩაში გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ერთმანეთს, ხალხს და ქვეყანას!
თავისუფალი და ღირსების მქონე ადამიანები ასეთ პოლიტიკოსებს არ უსმენენ, ასეთ პოლიტიკოსებს თავზე არ ისვამს! დღეს, უნდა გაერთიანდეს ყველა, ჯანსაღი ძალა ვინც თვლის, რომ უნდა დასრულდეს
„ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ უნდა მობრუნდეს, ჩვენ ამ ხალხთან ვართ, ამ ხალხს ვემსახურებით და ამ ხალხისთვის დავდგებით სიცოცხლის ფასად”, – აცხადებს შაშიაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენეს. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს და დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ვერ შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი