ხმაურიანი შეხვედრები კახეთის მოსახლეობასთან – ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს

კახეთში, ღია შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები  თელავის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებული პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრაზე, რამდენიმე ძირითადი პრობლემა დასახელდა, მათ შორის, სასმელი წყლის, გარე განათების,სოფლის მეურნეობის განსავითარებლად შექმნილი საკონსულტაციო ცენტრების და სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის საკითხი.

როგორც ლაფანყურში მცხოვრები მამუკა კაკაური “რეგიონულ კვირასთან ” აცხადებს,სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავალის ” ფარგლებში დარგულ 4 500 -მდე კაკლის ნერგს მთიდან ჩამოსული ტურა უფუჭებს. კაკაური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დახმარებას ითხოვს.

“ნაკვეთი შემოღობილი მაქვს ეკლიანი მავთულით,ტურა მაინც შემოდის. ვერ ვიჭერთ ვერანაირად. თვითნებურად უნდა მოხდეს მათი დახოცვა,რაც არ უნდა არა ჰუმანური საქციელი იყოს. ამის უფლება კი არ გვაქვს. მინახავს,რომ ტურას 6 ლეკვიც კი მოუყვანია,კაკლის ნაყოფსაც აფუჭებენ. რომ უნდა მოვრწყათ ადგილი,შლანგი სულ შეჭმული გვხვდება ხოლმე, რაც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე გვაყენებს “- განმარტავს კაკაური.

ხმაურიანად წარიმართა შეხვედრა ლაფანყურის მოსახლეობასთან.კამათი მათ მიერ წამოჭრილი ჰესის მშენებლობის საკითხს მოჰყვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ,პროექტის ფარგლებში ტყე უკანონოდ გაიჩეხა და პასუხი მათთვის დღემდე გაურკვეველია.

“რატომ განხორციელდა სოფელში ტყის უკანონო გაჩეხვა. ვერ გვაჩვენეს ვერანაირი დოკუმენტი,რამაც კანონიერი ქმედება დაადასტურა.დღემდე ვითხოვთ პასუხს, ვინ და რა მიზნით გაჩეხა ტყე , ამის პასუხი კი არავის აქვს “, – განაცხადა ლაფანყურის მკვიდრმა,მზია მოსაშვილმა.

ლაფანყურში ხე -ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ტყის გაჩეხვა შესაბამისი პროცედურების დაცვითაა განხორციელებული.

“ჰესის მშენებლობის თაობაზე დამატებითი მოთხოვნები წარვუდგინეთ ინვესტორს და მუშაობენ, როგორც საკონპესაციო,ისე ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. ვიდრე ამ პირობებს არ შეასრულებენ, ჰესის მშენებლობა არ დაიწყება”, – განმარტა პავლიაშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის,ირაკლი შიოშვილის თქმით,სოფლებში არსებული ყველა ის პრობლემა, რაც შეხვედრებზე გამოიკვეთა, მაქსიმალურად აისახება 2020 წლის ბიუჯეტში.

“ჩვენი შეხვედრები ემსახურება 2020 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული საკითხების გათვალისწინებას. ყველა პრობლემა მონიშნულია და როგორც ბიუჯეტის თანხები მოგვცემს საშუალებას, იმის მიხედვით დავიწყებთ პროექტირებას “, – აღნიშნა შიოშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები