ადგილი, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს გემრიელი სადილით უმასპინძლდებიან – ცაგერში ორი უმწეოთა სასადილო ფუნქციონირებს

სადილის მოახლოებასთნ ერთად, ამ ადგილას ხალხის რაოდენობაც იმატებს. ზოგი ადგილზე მიირთმევს კუთვნილ საკვებს, ზოგი კი პარკით ხელში სახლისაკენ მიეშურება. ადგილი, სადაც ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება აქვს, ღიმილით და გემრიელი სადილით უმასპინძლდებიან, ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებული უმწეოთა სასადილოა.

როგორც „რეგიონულმა კვირამ“ გაარკვია მუნიციპალიტეტში ორი ასეთი დაწესებულებაა. ერთი, ქალაქ ცაგერში მდებარეობს და მასში  80-მდე ბენეფიციარი იკვებება.  მეორე კი, სოფელ ლაჯანაში, რომელშიც 38 უმწეოა რეგისტრირებული. ახლად გარემონტებულ შენობებში ბენეფიციარები დიდ, ნათელ და სუფთა სივრცეში იღებენ მომსახურებას.

ჩვენი სტუმრობა სწორედ სადილის დროს დაემთხვა. ადგილზე  მადლიერი ადამიანები და მომღიმარი პერსონალი დაგვხვდა. ზოგი მათგანი იქვე მიირთმევდა კუთვნილ საკვებს, ზოგს კი თავისი ულუფა სახლში მიჰქონდა.

“ადგილზე იმიტომ არ ვჭამთ, რომ კუთვნილი საკვები ოჯახის სხვა წევრსაც გავუნაწილოთ. ამის ნებართვა მოგვცეს და ვიყენებთ ამ უფლებას“,- გვითხრეს ბენეფიციარებმა.

უმწეოთა სასადილოს ერთ-ერთი ბენეფიციარი, სოციალურად დაუცველი მარინე შკუბულიანი ამბობს, რომ ის ძალიან კმაყოფილია იმ მომსახურებით, რასაც ამ სივრცეში იღებს.

“მე ერთი წელია, რაც აქ ბენეფიციარი გავხდი. ძალიან კმაყოფილი ვარ არა მარტო მე, არამედ ყველა, ვინც აქ ჩემთან ერთად დადის. ყველაფერი სუფთაა და მოწესრიგებული. პროდუქტები  ახალია,  საკვები გემრიელია. ყოველ დღეს ასეთ გარემოს და თბილ ღიმილს გვახვედრებენ“, – გვიყვება მარინე შკუბულიანი.

როგორც გაირკვა უმწეოთა სასადილოს შენობა ერთი წელიწადია რაც გარემონტდა და მასზე სახელმწიფომ 138.000 ლარი დახარჯა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის დავით ჩაკვეტაძის თქმით, ამ სასადილოს რეაბილიტაციით, მართლაც კარგი საქმე გაკეთდა ცაგერის მუნიციპალიტეტში, რადგან აქ თავს იყრის იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდება.

“რეაბილიტაციის შემდეგ მერიამ მოახერხა და შეისყიდა ინვენტარი, ახალი მაცივრები,გაზქურები, ჯამ-ჭურჭელი, დააყენეს თანამედროვე სტანდარტების გამწოვი სისტემა. მაგრამ დარჩენილია ბევრი ისეთი რამ, რის შეძენასაც სურსათის უვნებლობის სამსახური მოითხოვს. ასეთებია მაგალითად უჟანგავი ქვაბები, ჟალუზები და სხვა“, – ამბობს ჩაკვეტაძე.

მისივე თქმით,  პროდუქციის შემოტანაზე პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული ფირმა შ.პ.ს.“მანება“, რომელიც უკვე 2 წელია დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება სასადილოს და ბენეფიციარებს.

“ფირმა  იდეალურად  ასრულებს სატენდერო პირობებს და ცდილობს ახალ-ახალ პროდუქტებთან ერთად,  მერიაში პროდუქციის ხარისხის და შესყიდვის ფასების დოკუმენტაციასაც წარადგენს. მერიიდან თვეში 5 -ჯერ მაინც ვაკეთებთ მოულოდნელ შემოვლებს და ვესაუბრებით ჩვენს ბენეფიციარებს. ვიგებთ, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი. იყო რაღაც შენიშვნები, მაგრამ ყველაფერი ამ დროისთვის გამოვასწორეთ. ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ 2 ლარსა და 95 თეთრს ვხარჯავთ, კვირაში სამი დღე საქონლისა და ქათმის ხორცს ვაწვდით. არის ლობიო,კარტოფილი, ჰერკულესის ფაფები,მწვანე ბარდის წვნიანი, წიწიბურა,კვერცხი,კარაქი. ვამოწმებთ საკვების წონით მდგომარეობას, სისუფთავეს და სხვა“- გვიყვება ჩაკვეტაძე.

მისივე ინფორმაციით, მერიამ ახალ წელსა და აღდგომაზე  მათთვის საჩუქრების გადასაცემად 3.000 ლარი გამოყო.

“ასევე შემდეგი წლის ბიუჯეტში მერთან შეთანხმებით ჩასმულია თანხა, რომლითაც შევიძენთ დარჩენილ საჭირო  ინვენტარს“,- დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები