სამედიცინო ქსელი “გორმედი“ოკუპანტების მიერ, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო ქსელ “გორმედის“ დამფუძნებლებმა და მედიკოსებმა, სეპარატისტული რეჟიმის მიერ, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტისა და ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებ­­ასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

“სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ დამფუძნებლები და ხელმძღვანელობა, ქსელის კლინიკების – გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ “იავნანას“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, გორის ტრავმატოლოგთა საზოგადოება, შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ, ექიმის, ტრავმატოლოგ-ორთოპედ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო და მოვუწოდებთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, დროულად გაათავისუფლოს ცნობილი ექიმი უკანონო პატიმრობიდან. მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყველა შესაბამის უწყებას და საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ჩვენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები და თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც, ყოველდღიურად უამრავ ეთნიკურად ოსი ეროვნების პაციენტს ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, მოვუწოდებთ ჩვენს ცხინვალელ კოლეგებს, მხარი დაგვიჭირონ და თანადგომა გამოხატონ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის მიმართ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ისინი გაესაუბრნენ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებს და ექიმის პატიმრობის მიზეზი მათგან მოისმინეს.

“პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში – ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან – აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე, ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ”, – აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. როგორც ცნობილი ექიმის მეუღლემ მედიას განუცხადა, გაფრინდაშვილი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები