ბიძინა ივანიშვილი: ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირა ამ იდეას

„ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მათ შორის და მაჟორიტარებმაც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებულიყო.

„მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა – პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.

არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას“. – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები