რა ეწერა წერილში, რომელიც გაუჩინარებულმა გოგონამ დატოვა – ახალი დეტალები შილდაში დაკარგულ არასრულწლოვანზე

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში დაკარგულ არასრულწლოვანზე ახალი დეტალები ვრცელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მოზარდის მეზობლებმა განუცხადეს, გაუჩინარებამდე გოგონამ სახლში წერილი დატოვა, სადაც მშობლებს შეატყობინა, რომ მასზე არ ენერვიულათ.

“გამოვიდა ხმა, რომ წერილი იპოვეს, სადაც ეწერა კარგად ვიქნებიო, დანარჩენი არაფერი ვიცით“,– აცხადებს აბესალომ საბაშვილი.

“რეგიონული კვირა“ არასრულწლოვნის ოჯახშიც მივიდა. გოგონას ბებია ამბობს, რომ მოზარდის მამა ვითარების გასარკვევად თბილისშია წასული, თუმცა ახალი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ აქვთ.

კლასის დამრიგებელი ფატიმა ბერიაშვილი თინიკოს დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, მოსწავლე მას პირადად დაეთხოვა, სასწავლო ნივთები აიღო და წავიდა.

გუშინდელის შემდეგ ვფიქრობ, როგორ იქცეოდა, რაიმე განსხვავებულს ხომ არ ამჟღავნებდა. ნამდვილად, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია და ვერ ვიხსენებ. ბავშვური ხასიათი ჰქონდა, ნორმალურად სწავლობდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა“, – ამბობს ბერიაშვილი.

სოფელ შილდის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თინიკოს კლასელების მონაყოლს იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი თბილისისკენ მიმავალი ტრანსპორტის შესახებ კითხულობდა.

 

“თბილისში ნამყოფი არ იყო და კითხულობდა, რა დროს გადიოდა სამარშრუტო. როცა ბავშვი აღარ გამოჩნდა დავუკავშირდი მძღოლს და ვკითხე, მწვანე ქურთუკიანი გოგონა, მოკლედ შეჭრილი თმით, ხომ არ ჩაუჯდა და გაჰყვა თბილისში,რაზეც მან მითხრა, რომ ზუსტად იგივე აღწერილობის გოგო თბილისში ჩაიყვანა და ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა”, -ამბობს დაკარგული გოგონას დამრიგებელი.

საქმეზე გამოძიებას ისანი- სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები