“გირჩის” გარდაცვლილი წევრის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“გირჩის” გარდაცვლილი მღვდელმსახურის, შაკო ბარამიძის მშობლები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო, რადგან მოძღვარი ენახათ, რომელიც მიცვალებულისათვის წესის აგებაზე თანხმობას იტყოდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.

მათი თქმით, ისინი ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას. ოჯახის განცხადებით, ისინი მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონს სრულად იზიარებენ.

“აწ გარდაცვლილი შაკო ბარამიძის მშობლების და ოჯახის საგანგებო განცხადება!!!
პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:
გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.
ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.
პირველი – გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.
გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს “გირჩის” მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა”, – ნათქვამია გარდაცვლილის მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “გირჩმაც”. მათი თქმით, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად.
“ბიბლიური თავისუფლების” მიმართვა მართლმადიდებელ სასულიერო პირებს

წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.

მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს”, – აღნიშნულია “გირჩის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები