“დარბოდნენ ვირთხები, ქვეწარმავლები და მაინც მივდიოდით ექიმის გამო”-თელავის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

თელავის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ამბულატორიების პრობლემა წლის ბოლომდე გადაიჭრება. ერთ-ერთ მათგანში ამბულატორიასთან ერთად 112-ის შენობაც აშენდება.

სოფელ ქვემო ხოდაშენში, სადაც ძველი ამბულატორია ავარიულ შენობაში იყო და სანიტარული პრობლემებიც არსებობდა, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია შენდება.

​თელავის მერის მოადგილე “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, რომ ქვემო ხოდაშენის ამბულატორიის შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია.
„ძველი შენობა აღარ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სრულიად ახალი ამბულატორიის მშენებლობა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება“, – ამბობს დავით ბეგიაშვილი.

ქვემო ხოდაშენის მოსახლეობისთვის ამბულატორიის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” არსებული შენობის ავარიულობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები დაცული, ვირთხებიც კი არიან.

„შენობას ჭერი არ ჰქონდა, კედლები ჩამოშლილი იყო, შენობაში ქვეწარმავლები და ვირთხები დადიოდნენ, ანტისანიტარია იყო, მომუშავე პერსონალს ძალიან რთულ ვითარებაში უწევდა მუშაობა“, – აღნიშნავს მაია დეკანოიძე.

ინგა გოგრიჭიანი, რომელსაც 10 თვის შვილი ჰყავს, ამბობს, რომ ჩვილისთვის აცრების გაკეთება ანტისანიტარულ პირობებში უწევდა.
„სოფლის ყველა მოსახლეს გვინდა, რომ ამბულატორიაში ნორმალური პირობები იყოს. მოხარულები ვიქნებით, ბავშვს რომ მივიყვანთ, ელემენტარულად სითბო დაგვხვდეს, ექიმებიც კომფორტულად მოგვემსახურებიან”, – ამბობს გოგრიჭიანი.

კიდევ ერთი ადგილობრივი, ეთერ გოგრიჭიანი კი მედპერსონალის კვალიფიციურობაზე საუბრობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამის მიუხედავად, “ამბულატორიაში მისვლა საშინელება იყო”.
„არც ექიმის, არც ექთნის, არც ერთი მათგანის საწინააღმდეგო არ მაქვს. კვალიფიციური კადრები არიან, მაგრამ ამბულატორიაში მისვლა იყო საშინელება. დარბოდნენ ვირთხები, ქვეწარმავლები და მაინც მივდიოდით ექიმის გამო. ვიცი, რომ აცრის დროს ვირთხაც კი ამოძვრა და კომპიუტერი დაღრღნა“, – იხსენებს ეთერ გოგრიჭიანი.

ქვემო ხოდაშენში მიმდინარე პროექტი 78 000 ლარის ღირებულებისაა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფლებში – კისისხევი, ქვემო ხოდაშენი, თეთრწყლები, აკურა, ფშაველი, ლაფანყური და ნაფარეული – ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე დასრულდება. ამასთან, სოფელ ნაფარეულში 112-ის შენობის მშენებლობაც მიმდინარეობს. ჯამში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 329 189 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები