შუქრუთის მაღაროსთან სოფლის მოსახლეობა მეხუთე დღეა აქციას მართავს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროსთან​ სოფლის მოსახლეობა მეხუთე დღეა აქციას მართავს. შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებულია. ადგილობრივები, სოფლის ტერიტორიაზე არსებულ 11 მაღაროში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს“ მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაიბზარა მათი საცხოვრებელი სახლები და ეკლესია.

მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანიამ ზარალის ანაზღაურება დაზარალებულებს თვენახევრის წინ აღუთქვა, თუმცა პირობა დაარღვია.

“ჩვენი აქცია მეხუთე დღეა მიმდინარეობს. წინა აქცია გვქონდა თვენახევრის წინ. ამ დროის განმავლობაში უნდა ამოსულიყვნენ “ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები,აეზომათ სახლები და გაერკვიათ ვის ნაკვეთებზე იყო მაღარო გავლილი.ოთხი გვირაბია ტყეში გაკეთებული და დაამატეს კიდევ ოთხი. მალე უნდათ ეს მარგანეცი რომ გამოიღონ და დაგვანგრიონ. ჩვენ კიდევ ვმართავთ აქციებს, იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები ამოსულები, აზომეს და დავიწყეთ მოლაპარაკებები. “ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი გაკეთებული რუკით, დიდ ეკრანზე გვაჩვენა, რომ გლეხებთან შეხებაში არ არიან.სინამდვილეში კი სახლები არის დაზიანებული ,ასევე დაზიანებულია ეკლესიის გუმბათი. საფლავებიც ცოცავს. აქცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე კომპანია არ დააკმაყოფილებს დაზარალებულ ოჯახებს“, -განაცხადა ადგილობრივმა ბესო ნეფარიძემ.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბარში , კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის “ საოპერაციო საქმეების კოორდინატორი ივანე ხეთაგური ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მადნეულის მოპოვების სამუშაოებმა ადგილობრივების სახლები დააზიანა.

ხეთაგურის თქმით, მოსახლეობის სახლები დაზიანდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, მიწისძვრისა და მაშინდელი კომპანია „ჯორჯიან მანგანუმის“ სამუშაოების შედეგად. როგორც ხეთაგური ამბობს, სახელმწიფოსგან და კომპანიისგან ოჯახებმა შესაბამისი კომპენსაცია მიიღეს.

“ჭიათურის მთელ რეგიონში მარგანეცის მოპოვება ძველი დროიდან ხდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში იქ ხდებოდა მარგანეცის მოპოვება მიწისქვეშა გზით, ამ პერიოდში ეს ადამიანები იყვნენ კომპენსირებული სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც “ჯორჯიან მანგანეზმა” შეიძინა აქტივები, სახელმწიფომ მაშინაც ყველა ადამიანს გადაუხადა კომპენსაცია. ჩვენი მხრიდან რამე სახის დაზიანებას ადგილი არ აქვს .როდესაც ჩვენ ერთობლივი კომისია შევქმენით, მოსახლეობასთან ერთად დაიდო გარკვეული დასკვნები იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო სუბიექტური .მოვიწვიეთ სპეციალიზირებული საექსპერტო ჯგუფი ,რომელმაც 29 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა და უახლოეს პერიოდში დადებს დასკვნას. შესაბამისად, ამ დასკვნის მიხედვით თუკი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვინმე დავაზარალეთ, კომპანია მზად არის მათთან ინდივიდუალურ რეჟიმში გამართოს მოლაპარაკებები. ჩვენი კომპანია თავის ვალდებულებას არ გაურბის“,- განაცხადა ხეთაგურმა.

აღნიშნული თემაზე კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა . როგორც კომპანიაში განმარტავენ, სახლების დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სამუშაო პროცესს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები