თორნიკე რიჟვაძე: მუყაოს ქალაქს ახდენილი ოცნების ქალაქად გადავაქცევთ

ჩვენს მოსახლეობას შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევთ ახდენილი ოცნების ქალაქად, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ე.წ. “ოცნების ქალაქის” მშენებლობის დაწყება დააანონსა.

„ეს წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა იყო რეგიონში. “მუყაოს ქალაქში” ჩვენს მოქალაქეებსა და 1000 ბავშვს უწევს ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. ჩვენ მათ შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევთ ახდენილი ოცნების ქალაქად.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა.

ცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას” – განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის თავმჯდომარემ.

მშენებლობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 16 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. უკვე მომზადდა პროექტი, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ბინა 580 ოჯახს გადაეცემა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ მოსახლეობის ინტერესების, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ე.წ. მუყაოს ქალაქში აშენდებოდა საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს 1000-მდე ბავშვი და მათი ოჯახები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად მუყაოს ქალაქის მცხოვებებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები