„პრიორიტეტები, რომლებიც შეხვედრების დროს გამოიკვეთა, აუცილებლად იქნება ასახული ბიუჯეტში“ -ცაგერში ღია შეხვედრები დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღია შეხვედრები დასრულდა. დასკვნითი შეკრება მოსახლეობასთან ცაგერის კულტურის ცენტრში შედგა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი – არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავა ესწრებოდნენ.

როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ღია შეხვედრების ფორმატმა მოიცვა ყველა თემი, რომელიც ლეჩხუმში შედის, შეჯამდა თითოეულ სოფელში არსებული პრობლემები.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია და გზავნილები მოსახლეობისაგან. ყველა პრობლემა და საჭიროება შეჯამდა. გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც აწუხებს ლეჩხუმელებს. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში”, – თქვა ავთანდილ უგრეხელიძემ.

მხარის გუბერნატორმა “რეგიონულ კვირასთან” ცაგერში ჩატარებული შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ცაგერში 58 სოფელში სულ 22 შეხვედრა ჩატარდა.
“შეხვედრები საინტერესო ფომრატებში მიმდინარეობდა, საუბრები უამრავ პრობლემურ თემაზე გაიმართა და ამავდროულად მოსახლეობა იგებდა მთავრობის მიდგომებს გეგმებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების თვალსაზრისით, ხდებოდა სხვადასხვა პროექტების განხილვა, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტროები გეგმავენ. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის მოთხოვნები ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში. წელს ცაგერში 129 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და 9 მლნ. ლარამდე დაიხარჯა. ძირითადი აქცენტები საგზაო ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგებასა და ტურისტულად საინტერესო ადგილების კეთილმოწყობაზე გამახვილდა. რამდენიმე დღეში დასრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტკომლექსი, ლაჯანის საბავშვო ბაღი”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივებს ძირითადად სასმელი წყლისა და შიდასასოფლო გზების მოწესრიგება დგას.
“ძირითად პრობლემად მაინც წყალმომარაგებისა და შიდასასოფლო გზების მოწესრიგება რჩება. ასევე მოსაწესრიგებელია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველა სოფელში. მოსახლეობას ასევე გავაცანით საშეშე-გასათბობ რესურსებზე სახელმწიფო მიდგომები. შეხვედრების დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ მათთან კომუნიკაცია შეწყდება, მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით მათთან, ყოველდღიურად. ღია შეხვედრები მხოლოდ ცაგერში დასრულდა. ამბროლაურსა და ონში ჯერ კიდევ გრძელდება. ღია შეხვედრები მოსახლეობასთან მთლიანად მხარეში, დაახლოებით, ორ კვირაში დასრულდება” , -განაცხადა გუბერნატორმა.

შემაჯამებელი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დაესვა მათთვის საინტერესო კითხვები თვითმმართველობის ხელმძღვანელებისა და გუბერნატორისთვის.
სოფელ აღვის წარმომადგენელი გოდერძი ახვლედიანი აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან ეფექტური ფორმაა, რათა ხელისუფლებამ თავად ნახოს და მოისმინოს ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ხალხს.
„მე აქტიურად ვადევნებდი თვალს მიმდინარე შეხვედრებს, რომლებიც პერიოდულად პრესაში ვრცელდებოდა და ვთვლი, რომ ეს კარგი სიახლეა ხელისუფლების მხრიდან,რადგან ხალხი გრძნობს, რომ ხელისუფლება მათთანა და ზრუნავს მათზე,უნდა გითხრათ, რომ ცაგერში რატომღაც მეტ აქტიურობას და ჩართულობას ველოდი მოსახლეობის მხრიდან, მაშინ, როცა ჩვენს სოფლებში მოსახლეობა გაცილებით მეტ პრობლემებზე საუბრობს“, –  თქვა გოდერძი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები