არჩილ თალაკვაძე: შევიმუშავეთ ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვით საკითხებს ეხება 

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ გარემო და ჩვენი ქვეყნის მწვანე რესურსი – ამ მიზნით შევიმუშავეთ პარლამენტის მწვანე ინიციატივები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პარლამენტის მწვანე ინიციატივების” პრეზენტაციაზე განაცხადა.

​არჩილ თალაკვაძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრეებს შეახსენა, რომ „გარემო და ეკოლოგია” საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის ათი საკითხიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„შევიმუშავეთ ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა: მწვანე ხაზების ინიციატივა, ტყის კოდექსი, ემისიების კონტროლთან დაკავშირებული ინიციატივა და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ოთხივე ეხება გარემოს დაცვით საკითხებს, მიყენებული ზიანის შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მწვანე საფარის და ტყის რესურსის განვითარებას, პარკების დაცვას და განვითარებას – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის – მწვანე გარემოს დაცვას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პარლამენტის მწვანე ინიციატივები მივიღოთ და შემდგომ, გავუწიოთ მონიტორინგი ამ კანონებს, რათა ისინი განხორციელდეს რეალურ ცხოვრებაში და მოგვცეს რეალური შედეგი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წარმოდგენილი ოთხი ინიციატივა უფრო დეტალურად, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა. მისივე თქმით, დეტალურად გაიწერება ის ზომები და რეგულაციები, რაც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში დაწესდება, გარდა ამისა, უფრო რაციონალურად იქნებ მართული ქვეყნის ტყის რესურსი.

„ინიციატივები ეხება მწვანე ხაზების შემოღებას, რომლის მიხედვითაც, აბსოლუტურად დაცული იქნება მწვანე და სარეკრეაციო ტერიტორიები. ეხება ტყის კოდექსის განხორციელებას, რომელიც უფრო უკეთ და რაციონალურად იცავს ჩვენი ქვეყნის ტყის რესურსებს, აწესებს მისი გამოყენების გონივრულ რეგულაციებს, ასევე, ინიციატივა ემისიების კონტროლზე და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტულად გარემოსადმი მიყენებული ზიანის წინააღმდეგ რა ზომებს და რა პოლიტიკას უჭერს მხარს პარლამენტი. ვაპირებთ, რომ სექტორებთან განვიხილოთ ეს ინიციატივები და ამ განხილვების შემდეგ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პარლამენტმა ეს კანონები დაამტკიცოს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები