ახალციხელმა სოსო ნათენაძემ ლონდონში ქართული ღვინის ბარი გახსნა

ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – უიმბლდონში, ქართული ღვინის ბარი გაიხსნა. “Merton Café & Wine Bar“-ში მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.
ბარის მეპატრონე სოსო ნათენაძე ახალციხელია. ის ლონდონში საცხოვრებლად 13 წლის წინ გადავიდა. წლებია ქართულ ღვინოსთან შეხება აქვს. შარშან კი დააარსა კომპანია “8000 Vintages“, მეღვინე ძმის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ნატურალური, ქვევრის ღვინოები ლონდონში შეაქვს და ინტერნეტით ყიდის.

„აქ  უამრავ ფესტივალსა და ღვინის გამოფენებზე ვმონაწილეობ, რითაც ქართული ღვინის და ჩვენი კომპანიის ცნობადობა სწრაფად და საგრძნობლად  იზრდება. ასევე, პარტნიორთან ერთად მქონდა პირველი ქართული ღვინის მაღაზია “თბილისი”, რომელიც ლონდონში დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს  და უკვე მეორედ მოვაწყეთ ქვევრის ღვინის ფესტივალი აქაურ ღვინის იმპორტიორებთან ერთად. ფესტივალმა დიდი წარმატებებით და დადებითი გამოხმაურებებით ჩაიარა“, – ამბობს სოსო ნათენაძე.
ახალციხეში, ნათენაძეების ოჯახი მეღვინეობით არის დაკავებული. ისინი მესხურ ღვინოს 2009 წლიდან აწარმოებენ. სოსოს ძმამ, გიორგიმ მივიწყებული მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და ნატურალური ღვინის ევროპაში გატანა დაიწყო. მეღვინეობით სოსოც მაშინ დაინტერესდა.

ქართული ღვინის ბარის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. მან დამფუძნებლებს მადლობა გადაუხადა ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„ეს ბარი იქნება კიდევ ერთი ადგილი ლონდონში, რომელიც მნიშვნელოვან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ღვინოს, ქართული მეღვინეობის ისტორიასა და ზოგადად საქართველოს“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები