არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან – „არა ფობიას“ განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ 8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად“.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ, რაც აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში და ქმნის დაუცველ და არატოლერანტულ გარემოს.

უარყოფითად უნდა შეფასდეს ხელისუფლების უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებოდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულ განცხადებებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და სულ მცირე გამოძიების დაწყებას შესაძლოა პრევენციული ეფექტი ჰქონოდა და ხელი შეეშალა ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისთვის.

ბოლო წლებში აშკარაა აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება. წარსულში მათი აგრესიული ქმედებები არა ერთხელ გახდა მშვიდობიანი შეკრებების უკანონოდ შეზღუდვის საფუძველი (მაგალითად კლუბ ბასიანის სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქცია, 20 ივნისის მოვლენების შემდგომ გამართული აქციები „სირცხვილია”, თბილისი პრაიდი და ა.შ.). ხშირია აღნიშნული ჯგუფების გააქტიურება მაშინაც, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ. სამწუხაროდ წარსულში მომხდარი არც ერთ ძალადობრივ შეკრებას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. უყურადღებოდ რჩება ასევე აღნიშნული ჯგუფების ლიდერების მოწოდებები ძალადობისკენ. ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს.

არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების ორგანოების ინერტულობა იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასეთი ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება ახლდეს თან. მაგალითად, შეკრების დროს განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოში პრიმავოკის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უდავოდ წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს უფლებასა და მონაპოვარს, რომლითაც სარგებლობა თანაბრად უნდა შეეძლოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს, მათ შორის რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითი და მყისიერი საფრთხე, რომ პროტესტი გადაიზრდება ძალადობაში, ხელისუფლებას უჩნდება ლეგიტიმური საფუძველი პროპორციული ზომების გამოყენებით აღკვეთოს ასეთი ქმედებები.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს: ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით;გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი გუშინ ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველყოს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს ადეკვატური და ქმედითი ზომები 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენების სეანსების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით;

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად“,-ნათქვამია განცხადებაში.

„არა ფობიას“ განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ესენია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; მედიის განვითარების ფონდი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; საფარი; თანასწორობის მოძრაობა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები