დედაქალაქში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ოქტომბრის თვეში 7053 დარღვევა გამოავლინეს

„ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმური შემოწმებების გარდა ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის შემოწმებები.

მრავალი გაფრთხილების მიუხედავად სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან, რადგან კარს არ უღებენ და გაფრთხილებებს არ უგულებელყოფენ, ერთხელ უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს კი ხელმეორედ, თვითნებურად აერთებენ ქსელზე, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები (გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს იღებენ ოთახიდან).

ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან სასიკვდილო დანადგარები​ ჩახსნეს​. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია: სამგორი – 1661; ისანი-ვაზისუბანი – 1481; გლდანი – 947; სანზონა – 638; საბურთალო – 463; დიღომი – 317; ნუცუბიძე – 267; დიდუბე – 236; ჩუღურეთი – 226; ნაძალადევი – 223; ვაკე – 214; კრწანისი – 202; მთაწმინდა – 158; წყნეთი – 20“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები