ზვიად შალამბერიძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც ჩვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს მასშტაბით, აქ ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, –  ასე გამოეხმაურა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.

მისი თქმით, ქუთაისში უნივერსიტეტის აშენების შემდეგ,  ახალგაზრდები სწავლას იქვე გააგრძელებენ და თბილისში წასვლა და იქ დარჩენა აღარ მოუწევთ.

“ეს პროექტი არის უპრეცედენტო არამარტო რეგიონის, არამედ საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ახალგაზრდები ძირითადად სასწავლებლად რეგიონიდან მიდიოდნენ თბილისში, იქვე რჩებოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ქუთაისში უნივერსიტეტის აშენების შემდეგ, ეს ახალგაზრდები სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას აქვე გააგრძელებენ. გარდა ამისა, იცით, რომ წყალტუბოში იწყება საუკუნის პროექტი, რომლის ფარგლებში გაკეთდება პროფესიული კოლეჯი, განვითარდება სხვადასხვა მიმართულებები და ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს უჩნდებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ადგილზე. რეალურად ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, არა მარტო ქუთაისისთვის და წყალტუბოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ასევე, ქუთაისში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც აქ ჩამოსვლას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული დაბალბიუჯეტიანი ფრენების საშუალებით შეძლებენ”, – განაცხადა შალამბერიძემ თემის კომენტირებისას.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები