“ძალა აღარ მეყოფა ამ ჯოჯოხეთს გავუძლო”- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

გემბლინგი – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება 21 საუკუნის ერთ-ერთი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. ვალი, ლომბარდში ჩადებული სახლები, მანქანები, ნივთები, სუიციდი – ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიურობაა.

ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ახალგაზრდა შეიწირა ბოლო წლების განმავლობაში აზარტულმა თამაშებმა. თუმცა, აღნიშნული სენით შეპყრობილი ადამიანების თვითმკვლელობების რიცხვი  ყოველდღიურად იზრდება.

ჩვენი რესპონდენტი, 67 წლის ლ. მ ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც გემბლინგის სავალალო შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა. მისი თქმით, შვილი მართალია ნაწილობრივ გადაარჩინა და სუიციდისგან იხსნა, თუმცა ეშინია, რომ კვლავ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

ის “რეგიონალურ კვირასთან“  დეტალურად ყვება , როგორ გახდა ერთი შეხედვით უვნებელი გართობა ავადმყოფობად , რომელსაც ჩვენი რესპონდენტი უკვე 17 წელია ებრძვის . ამჟამად ლ.მ-ს 31 წლის შვილი საზღვარგარეთ იმყოფება . ის საქართველოში 28 დეკემბერს ბრუნდება , თუმცა საკუთარ დედას შვილის დაბრუნების ეშინია – “მეშინია , რომ ჩამოვა ისევ პოკერებში წავა“.

“ძალიან გვიან შევამჩნიე, რომ ჩემი შვილი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული , თუმცა, როგორც მოგვიანებით გავიგე, 14 წლიდან დაუწყია თამაში. თავიდან გართობის მიზნით, სპორტულ თამაშებზე დებდა თანხებს , შემდეგ კი უკვე “პოკერების“ თამაში დაიწყო და ზუსტად მაშინ დავიღუპეთ.დიდძალი თანხები წააგო.ისეთ თანხებზეა საუბარი, რომლის გადახდაც ჩემი ოჯახის შესაძლებლობებს აღემატებოდა. როდესაც რძალმა გაიგო, რომ მისი მეუღლე თამაშ დამოკიდებული გახდა, ოჯახიდან წავიდა . ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი დაანება თამაშს, მეუღლეც შეურიგდა, თუმცა ესეც დროებითი ყოფილა. მოიყვანა დიდძალი მოსავალი , წაიღო გასაყიდად ქუთაისში და ნაწილი აღებული თანხისა იქვე წააგო , ნაწილი კი გორში ჩამოსულა და იქ წაუგია. შემდეგ კიდევ აიღო კერძო პირებისგან ვალები , მხოლოდ იმისთვის რომ ეთამაშა.”

ჩვენი რესპონდენტის თქმით, საუბარია ისეთ თანხებზე, რომლის გადახდა ოჯახსაც კი გაუჭირდა.

“პირადად მე 10 000 ლარი გადავიხადე. ქუჩაში ვერ გავდიოდი სირცხვილით, ხალხი მაჩერებდა და მეუბნებოდა, შენს შვილს ვალი აქვს როდის უნდა დაგვიბრუნოო? სიკვდილი მინდოდა . ამის შემდეგ ჩემი რძალი კვლავ წავიდა ოჯახიდან. მე ჩემს რძალს არ ვამტყუნებ. იცით რა ძნელია მოთამაშის გვერდით ცხოვრება? იცით რა ბიჭებმა ჩამოიხრჩეს თავები , იმის გამო რომ წაგებული თანხა დროულად ვერ მიჰქონდათ კაზინოში . სახელებს და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ . იცით რამდენი ბიჭი დავასაფლავეთ? ჩემი შვილის ასაკის ბიჭები მიწაში წვანან და ამის ხარჯზე ერთეულები მდიდრდებიან. მირჩევნია ღარიბი ვიყო , ნაკლებად ვჭამო მაგრამ ჩემს შვილს ცოცხალს ვხედავდე.”

ლ.ნ ყველა დედას, ვისი შვილიც თამაშდამოკიდებულია, მოუწოდებს დადგნენ ერთად და მოითხოვონ აზარტული თამაშების მიმართ კანონის გამკაცრება.

 

“დედებო, გადავარჩინოთ ჩვენი შვილები სიკვდილისგან. ნუ მივცემთ აპარატებს და რობოტებს საშუალებას რომ ჩვენი შვილები წაგვართვან. ძალიან ვთხოვ იმ დედებსაც , რომელთა შვილების სიცოცხლეც აზარტულმა თამაშებმა შეიწირა, დავდგეთ ერთად , მივმართოთ სახელმწიფოს გაამკაცროს კანონი , იქნებ ჩვენი შვილების სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.“

მისი თქმით, მართალია მისი შვილი ამჟამად  პოლონეთში იმყოფება, მეუღლეც შეურიგდა, თუმცა ეშინია, რომ იქიდან დაბრუნებული კვლავ გააგრძელებს თამაშს და ამ ყველაფერს სავალალო შედეგი მოჰყვება.

მეუბნებიან იქ არ თამაშობსო , მაგრამ უკვე აღარაფრის მჯერა.  18 დეკემბერს შვებულებით ჩამოდიან საქართველოში და შიში მაქვს, რომ ჩამოვა იმ წამსვე “პოკერებში” წავა სათამაშოდ , ამას ვეღარ გადავიტან ხალხნო , მოვკვდები. მამამისის ჯანმრთელობა მისმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ შეიწირა, ორჯერ გადაიტანა ინფარქტი . ძალა აღარ მეყოფა , რომ ჯოჯოხეთს ისევ გავუძლო. იცით რამდენჯერ დაიფიცა აღარ ვითამაშებო , მაგრამ მეორე წუთას სახლიდან იპარებოდა. ერთხელ გამთენიის სამი საათი იქნებოდა, შევედი მის ოთახში და აღარ დამხვდა , მაშინვე მივხვდი, რომ სათამაშოდ გაიპარა. ჩვენი სოფელი გორიდან 4 კილომეტრის დაშორებითაა. შუა ზამთარში ჩავიცვი და ფეხით ჩავედი გორში , ხელში კომბალი მეჭირა. უკვე იმ ზომამდე ვიყავი , რომ უნდა მომეკლა ჩემი შვილი, ან დამემტვრია პოკერის აპარატები, მაგრამ არ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, იმ დღისით თბილისში წასულა სათამაშოდ. ჰქონდა სუიციდის მცდელობაც, წუთებზე მივუსწარი. მაშინ მითხრა , რომ თანხა ჰქონდა წაგებული და უნდა მიეტანა დროულად. წავედი და ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების ბეჭდები გავყიდე, აბა რა მექნა შვილს ხომ არ მოვაკვლევინებდი. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია ჩემნაირ დღეში მყოფი დედების დახმარება. გთხოვთ, იღონეთ რამე და გადაგვირჩინეთ შვილები.“

რამდენიმე წელია, აქტიურად მიდის საუბარი ახალ რეგულაციებზე, რომელიც ამ სექტორს და მასში ჩართულ ადამიანებს გააკონტროლებს , თუმცა, შედეგი არ ჩანს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ქვეყანაში უკვე სახიფათო მასშტაბი მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები