ჯაბა ხუბუა: “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ეს არის მცდელობა, ლიბერალურმა ინტერნაციონალმა ქართველი ერი თავის ნოტებზე აცეკვოს, მაგრამ ეს შეუძლებელია

აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პირწმინდად პროპაგანდისტული ნამუშევარია. ეს არის ერთნაირსქესიანი სიყვარულის, რელიგიის ენაზე თუ ვიტყვით, სოდომური ცოდვის, ხოლო ხალხურ ენაზე – პედერასტიის პროპაგანდა, – ამის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პროპაგანდისტური მხატვრული ნაწარმი, როგორც წესი, მდარეა.

“და ჩვენ არ ვიცეკვებთ!

დავიწყოთ იმით, რომ ლევან აკინი არ არის ქართველი რეჟისორი. აქ მის წარმომავლობას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ აკინს არ გადაუღია არცერთი ქართული ფილმი ან გნებავთ, ასე: არ გადაუღია არცერთი ფილმი, რომელიც იქნებოდა ქართული თავისი მნიშვნელობითა და ღირებულებით.

ქართველი რეჟისორი თუ გინდათ, სერგო ფარაჯანოვი იყო. მასზე ქართველი რეჟისორი და მის ფილმებზე ქართული ფილმი ძნელად.

ეს ერთი და ახლა მეორე:

აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პირწმინდად პროპაგანდისტული ნამუშევარია. ეს არის ერთნაირსქესიანი სიყვარულის, რელიგიის ენაზე თუ ვიტყვით, სოდომური ცოდვის, ხოლო ხალხურ ენაზე – პედერასტიის პროპაგანდა.

პროპაგანდისტული მხატვრული ნაწარმი კი, კინო იქნება თუ ლიტერატურა, როგორც წესი, მდარეა და უნიჭობის უდაბნოსკენ აქვს ბილეთი, სადაც არ არსებობს მაღალი, ჭეშმარიტი ხელოვნების ოაზისი.

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ გამონაკლისი წესს ადასტურებს.

ქართული ლიბერალური მედია ობივატელს უჩიჩინებს, რომ აკინის ფილმმა კანის ფესტივალზე დადებითი შეფასება მიიღო, შვედეთმა კი “ოსკარზე” წარადგინა. ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ აკინმა მაგარი ფილმი გადაიღო და ვინც მის ჩვენებას აპროტესტებს, ხელოვნებას უპირისპირდება.

რეალობა კი, რასაც ქართული ლიბერალური მედია საზოგადოებას არ ეუბნება, ეს არის: კანის ფესტივალზე აკინის ფილმის დადებითი შეფასება და შვედეთის მიერ მისი ,,ოსკარზე” ნომინირება განპირობებულია არა ნამუშევრის მხატვრული ღირებულებით, არამედ მისი თემატიკით. ლიბერალური ინტერნაციონალი და მსოფლიო ლგბტ ლობი აკინის ფილმს ლობირებს, როგორც მამათმავლობისა და ერთნაირსქესიანი ურთიერთობის კულტივირების პროპაგანდისტულ იარაღს საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონია მთელ მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ მედგრად უმკლავდება ჰომოსექსუალიზმის, როგორც იდეოლოგიის იმპორტს.

სრულიად მიზანმიმართულად და პროვოკაციულად არის შერჩეული ფილმის სიუჟეტის განვითარება ქართველი მოცეკვავეების გარშემო.

ქართული ცეკვა, ვაზთან და ღვინოსთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ფენომენია, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს ქართველის იდენტობას, მის მენტალიტეტსა და ეროვნულ ხასიათს.

ქართული ცეკვა არის საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი დანარჩენ სამყაროში.

თუ ჰომოსექსულაური ურთიერთობა ქართული ცეკვისათვის ორგანულია, ე.ი. იგი ორგანულია მთელი ერისათვის ან უნდა გახდეს ორგანული! თუ ქართული ცეკვა მსოფლიოში საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მაშინ ქართულ ცეკვაში ინტეგრირებული ჰომოსქესულიზმიც საქართველოს ერთი-ერთი სავიზიტო ბარათია ან უნდა გახდეს ასეთი! – ეს არის აკინის ფილმის მთავარი სათქმელი.

ამიტომაც არის იგი პროპაგანდისტული, უფრო ზუსტად, პროვოკაციულად პროპაგანდისტული და არაორგანულად ქართული.

ერთნაირსქესიანი სიყვარულის შესახებ მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი შედევრი დაწერილა და მსოფლიო კინემატოგრაფსაც არაერთი შედევრი გადაუღია. მაგალითად საკმარისია თუნდაც თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში” და მისი ვისკონტისეული ეკრანაზაცია. ეს არის მაღალი ხელოვნება, დაცლილი ყოველგვარი პროპაგანდისა და იდეოლოგიზირებისაგან, თავისუფალი საეჭვო მიზნებისა და ინსინუაციებისაგან.

აკინის ფილმში კი ეს ყველაფერი პირიქითაა. უკუღმა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ეს არის მცდელობა, ლიბერალურმა ინტერნაციონალმა ქართველი ერი თავის ნოტებზე აცეკვოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. არ გამოვა.

და ჩვენ არ ვიცეკვებთ ლგბტ პროპაგანდის დაკრულზე,”- წერს ჯაბა ხუბუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები