ანსამბლი „ბასიანი“, საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში, ნოემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება

 11-დან 20 ნოემბრამდე, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ-იორკში, ბერკლსა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს. გასტროლი საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, ანსამბლი შტატებში უკვე მეოთხედ გაემგზავრება, რა დროსაც ერთ-ერთ კონცერტს White Light festival-ის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ნიუ-იორკის „ლინკოლნ ცენტრის“ სცენაზე გამართავს („ლინკოლნ-ცენტრი“ აერთიანებს რამოდენიმე საკონცერტო დარბაზს, რომელთა შორისაა ნიუ- იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“, „ჯულიარდი“ და სხვა).
„ლინკოლნ-ცენტრში“ ანსამბლი უკვე მეოთხედაა მიწვეული. კონცერტის ბილეთები ჯერ კიდევ სექტემბერში, დადებიდან რამდენიმე საათში, გაიყიდა.
„ბასიანის“ პირველი გამოსვლა „ლინკოლნ ცენტრის“ Alice Tully Hall სცენაზე 2010 წლის აგვისტოში შედგა, როდესაც ცნობილი ფრანგი პიანისტის, პიერ-ლორან აიმარდის ინიციატივით ანსამბლი ნიუ-იორკის Mostly Mozart Festival-ზე იქნა მიწვეული. აქ ქართული პოლიფონია, ერთი კონცერტის ფარგლებში, პირველად აჟღერდა ბახის, ლიგეტის და სხვა დასავლეთ ევროპელ კომპოზიტორთა შედევრებს შორის.
ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: New York Times და Wall Street Journal. მას შემდეგ ლინკოლნ ცენტრი მჭირდოდ თანამშრომლობს „ბასიანთან“ და პერიოდულად უთმობს მათ საკუთრ სცენას. 2019 წელი კი განსაკუთრებულია მათთვის, რადგან მთელი წლის მანძილზე გადაწყვეტილი აქვთ მიიწვიონ ის გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებლები, რომელთაც ბოლო ათი წლის მანძილზე „ლინკოლნ-ცენტრში“ კონცერტები გაუმართავთ. ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ასეთ შემსრულებელთა რიგებში ანსამბლი „ბასიანიც“ მოიაზრება.
შეერთებულ შტატებში ტურნეს ფარგლებში, ანსამბლი კონცერტებთან ერთად ვორკშოფებსაც გამართავს. პრინსტონის უნივერსიტეტში ანსამბლს ელოდება 90-კაციანი გუნდი, რომელთაც „ბასიანი“ შეასწავლის ქართული ხალხური სიმღერის ორ ნიმუშს. ეს სიმღერები იმავე საღამოს კონცერტზე ერთობლივად შესრულდება“, – აღნიშნულია „ბასიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები