ახალციხეში 2020წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის რეგიონული ფონდიდან 4,23 მილიონი ლარი გამოიყო

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის პირველ ეტაპზე 4 მლნ. 230 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით 2020 წელს შვიდი პროექტი განხორციელდება, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტი დარჩენილ 2 მლნ. 70 ათას ლარსაც მიიღებს. შვიდივე პროექტი დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს მეთერთმეტე, რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს. რეგიონული ფონდიდან გამოყოფილ თანხას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5% ემატება.
სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ახალციხის მერმა ბოლო ორ წელში, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაიხსენა. ზაზა მელიქიძემ დეპუტატებს უთხრა, რომ ყველა მათგანი უნდა განხორციელდეს.

“ჩვენ 2018, 2019 წლებში საარჩევნოდ სხვადასხვა დასახლებებში დაპირებები გვაქვს გაცემული, ამიტომ ის პრიორიტეტები, რომლებიც აქამდეც უნდა ყოფილიყო განხორციელებული,,, მაგრამ ბიუჯეტის სიმცირემ არ მოგვცა საშუალება. იცით, რომ 2018 წელს 3 მლნ. 800 ათასი ჩამოგვეჭრა, ამიტომ მოხდა ისე, რომ ვერ განხორციელდა“, – აღნიშნა მერმა.
​ზაზა მელიქიძე პროექტების მომზადების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გამოცხადებული ტენდერები ხშირად ვერ ტარდება.

პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტებია:
ქალაქ ახალციხეში, მრავალბინიანი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია;
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, ახალციხელის, ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა;
სოფლების – გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია;
სოფელ ანდრიაწმინდის გზის რეაბილიტაცია;
სოფლების – წყრუთი-წირას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
სოფლების – აწყური-ტყემლანას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ვალის მეორე შახტის გზის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები