ქუთაისში პატიმარი 34-ე დღეა შსს-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობს

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებული 46 წლის კ.ო. 34-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატის განცხადებით, კ.ო. თავს უდანაშაულოდ ცნობს და შსს-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს.
“უდანაშაულოდ ცნობს თავს. ამბობს, რომ პოლიციამ ჩაუდო ნარკოტიკი. ორი ოქტომბრიდან შიმშილობს. ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას. ყველა უწყებას მივმართეთ და რეაგირება ამ დრომდე არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაურთულდა. იმყოფება ვიდეოთვალიან კამერაში და ხდება ვიზუალური კონტროლი”, – აცხადებს მსჯავრდებულის ადვოკატი, ილია ჯანელიძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ განცხადება მსჯავრდებულისგან შესულია. უწყების ცნობით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის  პროკურატურაშია გადაგზავნილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მსჯავრდებული კ.ო. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

“ბრალდებული კ.ო. (დაბ. 1973წ) 05.10.2019 წ. მოთავსდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. კ.ო ბრალდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

07.10.2019 წელს ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად გამოაცხადა შიმშილობა. მისივე განმარტებით, პროტესტის მიზეზი არის ის, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს.
პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ და მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, რაზეც ბრალდებული უარს აცხადებს. კ.ო. იმყოფება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის  განცხადებაში.
შეგახსენებთ, პატიმარს გამოძიება ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები