“გალერია თბილისი” Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე 3 ფინალისტს შორის მოხვდა

0

მულტიფუნქციური ცენტრი “გალერია თბილისი” Mapic-ის საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალისტებს შორის მოხვდა. ქალაქის ცენტრის აღდგენის ნომინაციის ფინალში მსოფლიო მასშტაბით 3 სავაჭრო ცენტრია წარმოდგენილი – “გალერია თბილისი” (საქართველო, თბილისი), Palazzo Corduzio (იტალია, მილანი) და City Plaza (გერმანია, ვუპერტალი).
“გალერია თბილისის” ინფორმაციით, დაჯილდოება, რომელზეც 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთში, კანში გაიმართება. დელეგატები კი, მკაცრი კრიტერიუმებით შეფასდებიან როგორც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების, ასევე წინასწარ შერჩეული ჟიურის მიერ.
“Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოება 13-წევრიანი ჟიურისგან შედგება, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სექტორში. მაგ, ჟიურის წევრებს შორის არიან ისეთი მსხვილი და ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორებიცაა: Sonaesierra, Sites comerciaux, Benoy, Nike და ა.შ.
აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენა უკვე დიდი წარმატებაა, ვინაიდან Mapic ყველაზე დიდი, საერთაშორისო ღონისძიებაა საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ყოველწიურად საფრანგეთში, ქ. კანში ტარდება. მაპიკის ღონისძიება მოიცავს გამოფენას, დაჯილდოებას, კონფერენციას და ფორუმის ფორმატს, რაც საუკეთესო საშუალებაა პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის დასამყარებლად”,-ნათქვამია “გალერია თბილისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილზე აშენდა და 2017 წლის შემოდგომაზე საზეიმოდ გაიხსნა.
​პროექტის ფარგლებში განახლდა გრიბოედოვის თეატრი და სრულიად ახლიდან აშენდა თავისუფალი თეატრი, სადაც 2-ჯერ გაიზარდა მთავარი დარბაზის ტევადობა. ასევე, მოეწყო 300 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი და განახლდა რუსთაველის მეტროს შესასვლელი. „გალერია თბილისი“ ერთადერთი სავაჭრო ცენტრია საქართველში, რომელშიც ინტეგრირებულია მაღალი კლასის 78 ნომრიანი სასტუმრო, რაც პოტენციურ ტურისტებს სრული მომსახურების პაკეტის გამოყენების საშუალებას აძლევს და შესაბამისად, მეტ კომფორტს სთავაზობს.
შვიდსართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელიც 100-ზე მეტ ხელმისაწვდომი და უნიკალური ბრენდის მაღაზიას, კინოთეატრს, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს და ორ თეატრს აერთიანებს ყველასთვის საყვარელი თავშეყრის, გართობის, და შოპინგის ადგილი გახდა.
​პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი