უესტმინსტერის უნივერსიტეტმა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას “საქართველოს დღე” უმასპინძლა
უესტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას “საქართველოს დღე”, რომელიც თემას „საქართველო, როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი” მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა და მასში გაერთიანებულ სამეფოში აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია დამაარსებელმა და თანაორგანიზატორმა თამარა დრაგაძემ და უესტმინსტერის უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის პრეზიდენტმა, პროფესორმა, ენდრიუ ლინმა გახსნეს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლების სტატუსით გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, საგარეო ურთიერთობათა და რბილი ძალის დეპარტამენტის დირექტორმა პოლ ბრამელმა მიმართეს.
თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერასა და მის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა, ასევე ისაუბრა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
თავის მხრივ პოლ ბრამელმა მიმოიხილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით აღნიშნა მჭიდრო აკადემიური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირები ორ ქვეყანას შორის.
კონფერენციის ფარგლებში, ჯო სიმენმა (Jo Seaman) საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა, წარმოადგინა საქართველოს შესახებ დაწერილი საკუთარი წიგნი “Roses down the barrel of a gun –Georgia love and revolution”.