ბიძინა გეგიძე: მშენებლობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობებს დააკანონებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რაც “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიდან“ იმ მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც პარკებში, ბაღებში, სკვერებსა და სხვა მსგავს სივრცეებში მშენებლობის უფლებას კრძალავს.

შესაბამისად, ახალი კანონპროექტით აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობები ნებადართული გახდება.

“2018 წლის გაზაფხულზე ჩემ მიერ ინიცირებული ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი გარემოს დაცვა-შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურებოდა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ჩვენს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები იგეგმებოდა საქართველოს კანონში „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონში „სპორტის შესახებ“; საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“, რაც სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობების შეზღუდვას, სარეკრეაციო ზონებში სპორტული მოედნების ინტეგრირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენის დროს კი, როდესაც ძირითადად, ტექნიკური სახის შენიშვნების ჩასწორება ხდება, პარლამენტმა მხარი აღარ დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივა კი ორმაგ სტანდარტს ემსახურება: ერთი მხრივ, ჯანსაღი სივრცეების შექმნა-რეაბილიტაცია ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულ სფეროდ არის გამოცხადებული და მთავარი აქცენტი თითქოს თბილისის მწვანე ქალაქად გადაქცევაზეა აღებული, მეორე მხრივ კი უამრავი სპორტული ობიექტი ნადგურდება და რეკრეაციული ზონები სამშენებლო მოედნებადაა გადაქცეული, შესაბამისი უწყებები კი ელვისებური სისწრაფით გასცემენ მშენებლობის ნებართვებს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

როგორც ვაკის მაჟორიტარი აცხადებს, მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ღია და საჯარო იყო.

“საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო საზოგადოების ყველა დაინტერესებული ჯგუფი, საზოგადოებრივი გაერთიანებები და სახელმწიფო უწყებები, რის საფუძველზეც შეჯერდა საერთო პოზიცია და ჩამოყალიბდა საკანონმდებლო ინიციატივის სახით. შეხვედრებში მონაწილე ყველა ექსპერტისა თუ უწყების წარმომადგენლის მიერ მკაფიოდ დაფიქსირებულია პოზიცია აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხში ჯანსაღი და ნათელი პოლიტიკის განხორციელებისთვის, თუმცა, თბილისის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანთა აქტიური ჩარევით, ეს კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა. დღეს კი საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს მიერ უკვე დარეგისტრირდა, კანონად ქცევის შემთხვევაში, გამოიწვევს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და, ზოგადად, ქალაქების იერსახის დამახინჯებასა და სრულ ქაოსს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები