“მხატვრის სახლი” ონში – ერთ-ერთი საუკეთესოდ რესტავრირებული საოჯახო სასტუმრო საქართველოში (ფოტო, ვიდეო)
“მშობლებს მინდა ვუთხრა – ნუ მოწყვეტთ შვილებს საკუთარი ფესვებიდან” – ასე მოუწოდა საოჯახო სასტუმრო “მხატვრის სახლის” მფლობელმა, თემურ გუგეშაშვილმა “რეგიონულ კვირასთან” ინტერვიუს დროს მშობლებს, რომლებიც საკუთარ შვილებს დედაქალაქში გზავნიან იმედით, რომ იქ წარმატებას მიაღწევენ. დაბა ონში საკუთარი მცირე ბიზნესის მფლობელი განმარტავს, რომ სოფლად უფრო მეტია გასაკეთებელი, ვიდრე – ქალაქში.
“მხატვრის სახლის” ისტორია უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა მნიშვნელოვანი აღიარება, მაინც გასულ კვირას ამერიკული კონკურსის სამეულში გასვლამ მოუტანა. კონკურსის მიზანი საქართველოში ძველი რესტავრირებული სახლებისა და საოჯახო სასტუმროების ყველაზე ორიგინალური ვარიანტების გამოვლენა იყო. მეორე ადგილზე სწორედ „მხატვრის სახლი“ გავიდა და აღიარებასთან ერთად, სასტუმროს მფლობელებმა ფულადი ჯილდოც მიიღეს.
„რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფი საოჯახო სასტუმროს ეწვია და მისი მფლობელების – თემურ და ელენე გუგეშაშვილებისგან “მხატვრის სახლის” შექმნის ისტორიასაც გაეცნენ.
ეზოში შესვლისთანავე ყურადღებას ორიგინალური ნივთები, აქსესუარები და შემოდგომის ათასფერი ყვავილები იქცევს. აქვე შეხვდებით უძველეს ქვებსა და პირველი მატარებლის გასანათებელ ფარანსაც კი. ერთ პატარა ეზოში მოქცეული მთელი საქართველო და არქეოლოგიური ნიმუშებით გაფორმებული სახლი – ეს ყველაფერი საოჯახო სასტუმრო “მხატვრის სახლში” დაგხვდებათ.
– როგორ გაგიჩნდათ იდეა ამ ყველაფრისა და რა ფინანსური შესაძლებლობებით დაიწყეთ?
– მე-8 კლასამდე ონში ვსწავლობდი, შემდეგ ქალაქში გავყევი მოდასაყოლილებს, წასვლა ხომ მოდაშია. მაშინაც ასე იყო. ერთ დღესაც ელენეს გამოვუცხადე – რაჭაში ვბრუნდებით-მეთქი. წამოვედით, ორივეს სამსახურები გვქონდა და არაფერი გვაკლდა. შვილიც წამოვიყვანეთ და დავიწყეთ სახლის მოწესრიგება. დაბალპროცენტიანი სესხი გამოვიტანეთ, ნელ-ნელა და გულიანად შევუდექი საქმეს. ხისგან უნიკალურ საკარცხულებს ვაკეთებ, სამფეხიან სავარძლებს, რომლებიც იშვიათობაა, ამათაც ვყიდდი, სამხატვრო სკოლაშიც მოვეწყვე სამუშაოდ, ბავშვებს ხელობას ვასწავლი, იქ არაფერი იყო და ჩემი დაზგები და დანადგარები წავიღე. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე, მაგრამ მთავარია, ზუსტად იცოდე, რისი გაკეთება გინდა და საქმე გიყვარდეს.
– ამდენი უცნაური და უნიკალური ნივთი როგორ მოაგროვეთ?
– ნაწილი წინაპართაგან შემოგვრჩა, ნაწილს გაგიკვირდებათ და ხანდახან ჭიშკარს რომ შემოვაღებ, ისე მხვდება ეზოს შიგნით, არც კი ვიცი, ვინ მოგვიტანა, იციან ჩვენი ნივთებისადმი დამოკიდებულება და მოაქვთ. მახსოვს პირველი ნივთი, რომელიც მე თვითონ ვიპოვე და განსაკუთრებით მიყვარს – მღვიმეში შესულმა მიწა გადავჩიჩქნე და ცხოველის ძვლები, ნეკნები აღმოვაჩინე, რომელსაც ისარი ჰქონდა გაყრილი, აქ თქვენ ნახეთ პირველი მატარებლის ფარანი, უძველესი გაქვავებული არქეოლოგიური ნივთები, ქვები, რომლებზეც მოლუსკების ნაკვალევია შემორჩენილი, უძველესი წრიაპები, სამუშაო იარაღები და სხვა, თითოეულ მათგანს მოვლა, გაფრთხილება და შენახვა სჭირდება.
– ბევრი ტურისტი სტუმრობს თქვენს საოჯახო სასტუმროს?
– ყოველთვის დატვირთულია, ახლა გვიანი შემოდგომაა და 70 პროცენტით ვართ დატვირთულები, წუხელ პოლონეთიდან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გვესტუმრა. საქორწინო მოგზაურობაში არიან. ხვალისთვისაც ჯავშანი გვაქვს რამდენიმე მსურველზე, შობა-ახალწელს ხომ მსურველებს ვერ ავუდივართ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ
– ჩვენთან სტუმრად მოდის უამრავი ადამიანი, აქ საფრანგეთის ელჩმა თორნეში საკუთარი ხელით გამოაცხო პური. სტუმრად გვყავდნენ ასევე ლატვიის, ლიეტუვას, ავსტრიის, ამერიკის ელჩები, მათ მოსწონთ ჩვენთან ურთიერთობა – დაგვყავს მღვიმეებში, ტყეებში, ჩანჩქერებზე, ტბებზე, ვკვებავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. ამასთან, გვაქვს ჩვენი საკუთარი მეურნეობა – ქათმები, ინდაურები, კურდღლები, გვაქვს საფირმო „ჭაჭა-ვისკი“, თუ ამინდი არაა, სტუმრები სამხატვრო სკოლაში ამყავს და იქ მასტერკლასებსაც კი ვუტარებთ.
– თქვენს შვილებსაც ასე უყვართ რაჭა?
– მე ორი შვილი მყავს და ისინი არც არსად წასულან. მართალია, ბიჭი ახლა მაგისტრატურას ამთავრებს სამართლის განხრით, მაგრამ სრულადაა ჩართული ჩვენს ერთობლივ საქმიანობაში, ინგლისური კარგად იცის, სტუმრებსაც დაატარებს და გიდობასაც ეწევა.
– აქ კულტურა და ბიზნესი ძალიან ოსტატურადაა შერწყმული ერთმანეთთან, რომელი უფრო მძლავრობს თქვენში?
– მე მსიამოვნებს, რომ ადამიანებს ჩვენს კულტურას და ტრადიციებს ვაცნობ. თავიდანვე ამაზე ვიყავი ორიენტირებული. საკარცხულებსაც ამ მიზნით ვაკეთებდი, შეკვეთები ძირითადად, საზღვარგარეთიდან მაქვს.
– გაქვთ გამართული ბიზნესი, ჩადეთ უამრავი რესურსი და ენერგია, რა სირთულეები შეგხვდათ?
– ძალიან დიდი პრობლემები გადავიტანე, გაგიკვირდებათ და პრობლემა იმაზეც კი შემქმნია – რატომ წამოვედი თბილისიდან. საზოგადოების მხრიდან შევეჩეხე ასეთ სისუსტეებს და გული დამწყდა, მაგრამ ეგ არაფერია, ამასაც გავუმკლავდით.
– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რას ეუბნებით საზოგადოებას თბილისიდან ონში წამოსული ადამიანი, რომელმაც სოფელში საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, თანაც საკმაოდ წარმატებული?
– თუ ადამიანს შრომა არ ეზარება, ყველაფერი გამოუვა. მიკვირს, რატომ გარბიან აქედან ადამიანები, შრომა ეზარებათ თუ აზროვნების დეფიციტია? ჰგონიათ, რომ თუ წავლენ, სხვაგან ყველაფერი გამოუვათ. არადა, მწარედ ცდებიან. გაქცევით პრობლემები არ გვარდება. მშობლებს მინდა ვუთხრა – ნუ მოწყვეტთ შვილებს საკუთარი ფესვებიდან.
მარინე სვანიძე