“შევეცადე ისეთი ადამიანები დამესაქმებინა, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ“-თექის სახელოსნო ონში, სადაც საოცრებებს ქმნიან

ლილიანა მაისურაძე ონში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა და დასრულების შემდეგ ისევ მშობლიურ რაჭას დაუბრუნდა. მუშაობა ორ პოზიციაზე -კულტურის ცენტრის მხატვარ-დეკორატორად და თექის პედაგოგად დაიწყო.პარალელურად სურვილი გაუჩნდა ჰქონოდა თავისი პატარა საწარმო, სადაც ონის საზაფხულო სკოლაში მიღებულ ცოდნას, თექის მიმართულებით, განავითარებდა და სხვებსაც შეასწავლიდა.

2015 წელს თექის წარმოების პატარა სახელოსნო “ედენა“ დააარსა, შემდეგ კი ევროკავშირის,პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის საგრანტო პროგრამის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში 11 შერჩეულ სახელოსნოებს შორის, მისი იდეა საუკეთესოდ მიიჩნიეს, რის გამოც, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, გრანტით დააფინანსეს.

ლილიანამ მიღებული თანხით ონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში პატარა ფართი იქირავა,ინვენტარი შეიძინა და 12 შეგირდი გადაამზადა. შემდეგ 5 მათგანი ამავე სახელოსნოში დაასაქმა. ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და გაყიდული პროდუქცია მათი შემოსავლის წყაროა.

სახელოსნოში საოცარ ნამუშევრებს იხილავთ. ნახავთ საქართველოს რუკას, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია და არწივის ფორმა აქვს, ღვინის ბოთლების შესაფუთ ჩანთებს, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვინც ცოტა შორს მანძილზე აპირებს ღვინის გატანას, რაჭულ ქუდებს, გემოვნებიანი ფერებით შეხამებულ სათამაშოებს, აქსესუარებს რაჭისთვის დამახასიათებელი ელემენტებით.

მათი პროდუქციის ძირითადი მყიდველები რაჭაში დასათვალიერებლად და დასასვენებლად ჩასული  ტურისტები და ინტერნეტ მომხმარებლები არიან. პროდუქციის გაყიდვა არ უჭირთ, თუმცა ბაზრის ათვისება და კვლევა ჯერ არ უცდიათ,რადგან მომავალში საკუთარი სივრცის მოწყობას, მუშა ხელის გაზრდას და წარმოების ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავენ.

“რეგიონულ კვირასთან“ საწარმოს ხელმძღვანელი ლილიანა მაისურაძე ამბობს, რომ საკუთარი სივრცე აუცილებლად სჭირდებათ,რადგან დროის გარკვეულ მონაკვეთში,მაშინ ,როცა დასვენების  დღეებია და სამუშაო საათები სრულდება,კულტურის ცენტრი დაკეტილია და ვერ ხერხდება დაინტერესებულ ტურისტებთან კომუნიკაცია. არც სივრცეა საკმარისი. ძირითადად პროდუქციას გამოფენებზე ყიდიან.

პროფესიონალიზმის დასტურად ბევრი სერთიფიკატი დაუგროვდათ. ახლახანს მეორე გრანტიც მოიპოვეს “ფერმერთა ასოციაციიდან“, რომლითაც დანადგარები შეიძინეს და ჟილეტების, ჩანთების და სხვა საინტერესო ნამუშევრების დამზადებაზე ფიქრობენ.

“ეს საწარმო ჩემთვის მეორე ოჯახია,ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმის გამო, რომ სხვებს ვეხმარები. აქ დავასაქმე ისეთი ადამიანები, რომლებსაც სოციალური დახმარება სჭირდებოდათ და შემოსავლის წყაროს მიღებაში ჩემს წვლილს შევიტანდი. ადრე მარტოც ვმუშაობდი, მაგრამ არ იყო ასეთი ხალისი და მოტივაცია. სხვებთან ერთად როცა ქმნი პროდუქციას და თან მათ ეხმარები, ძალიან სხვანაირი და სასიამოვნო შეგრძნებაა. ახლა კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობთ, იმედია წარმატებას კვლავ მივაღწევთ და ჩვენთვის ესოდენ საჭირო საკუთარ სივრცეს შევქმნით,სადაც შესაძლებელი გახდება ჩვენი გეგმების სრულად რეალიზება“, – ამბობს ლილიანა მაისურაძე.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები