ბათუმში, ერთ-ერთი კერძო სკოლა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ ასწავლის

ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” , 2008 წლის ომში გარდაცვლილთა და ვეტერანთა ოჯახების შვილები, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფ მოზარდები, უფასოდ ისწავლიან.

ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გრანტს VII, VIII, IX დაა X კლასის მოსწავლეებისთვის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე გასცემს.

როგორც სკოლის დირექტორმა “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებს საშუალებას მისცემს ხარისხიანი განათლების მიღება შეძლონ .

“სკოლა “პროგრესი” ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. სწავლება მორგებულია მოსწავლეზე და თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევაზე. მისი მიზანია აღზარდოს მომავალი ლიდერები და ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის მისწრაფებას სათანადო განათლების მიღებით. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ტექნიკური საგნები და უცხო ენები. მუდმივად ტარდება კულტურული, სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობები. “პროგრესში” სწავლება ეფუძნება ამერიკულ მოდელს, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს თანამედროვე გამოწვევებისათვის. სკოლა “პროგრესი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 2008 წლის ომში გარდაცვლილი და ვეტერანთა ოჯახების შვილებს, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფ მოზარდებს უფასოდ ასწავლის. “პროგრესი” ბავშვებს კონკურსის საფუძველზე მიიღებს, რომლის ფარგლებშიც შერჩეული მოსწავლეები 100%-იან გრანტს მოიპოვებენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია ბათუმში, ვისაც არ აქვს საშუალება გაძლიერებულად შეისწავლოს ესა თუ ის საგანი და მიიღოს ხარისხიანი განათლება. ამიტომაც გადავწყვიტეთ დავაფინანსოთ მათი სწავლა ჩვენ სკოლაში”,- ამბობს სკოლა ,,პროგრესის“ დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

სკოლაში საბუთების მიღება უკვე დაიწყო, რომელიც 2019 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები