„ავე მარია“  ჩემთვის  საგალობელია,  მისი  შესრულებისას  რწმენით  და  მოწიწებით  ვივსები“…

„როცა  სოფელში   ვრჩებოდით,  დილით  ადრე  ღია ფანჯარაში  ვმღეროდი“… 

ჯერ მხოლოდ 13  წლისაა, მუსიკის სიყვარული კი 6 წლის ასაკიდან დაიწყო… ევგენი  მიქელაძის  სახელობის ცენტრალურ სამუსიკო  სასწავლებელში ფორტეპიანოს  და  ვოკალის  განყოფილებებზე სწავლობს. პატარ-პატარა ჩანახატებსაც წერს…
პედაგოგები მის ნიჭს ერთხმად აღნიშნავენ და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია თბილისის  21-ე  საჯარო  სკოლის  მე-8  კლასის  მოსწავლბარბარა  ყალაბეგაშვილი.

– ოჯახში  მე  და  დედა ვართ,  ყველაფერს  ის  მასწავლის.  ირგვლივ ნახატები  და  უამრავი წიგნია, ბევრს ვმოგზაურობთ, ვესწრებით კონცერტებს, სპექტაკლებს, ვათვალიერებთ  მუზეუმებს,  ღირსშესანიშნაობებს.  ჩვენს  ოჯახში  პრიორიტეტებია – განათლება, სამართლიანობა,  სიკეთე,  სამშობლო…  გარემო,  სადაც  გავიზარდე  თბილი  და  საინტერესოა,  ბედნიერი  ვარ.
–  როდის  შეგიყვარდა  მუსიკა?
– მუსიკა  ყოველთვის  მიყვარდა,  არც  მახსოვს  როდიდან,  დედა  მიყვება  ხოლმე,  ბავშვობაში,  როცა  სოფელში   ვრჩებოდით,  დილით  ადრე  ვიღვიძებდი  და   ღია ფანჯარაში  ვმღეროდი,   მეზობლების  შექების  მოლოდინში.  ალბათ  6 წლის  ვიქნებოდი,  დედამ  პატარა  ნაწარმოები  რომ  დამიკრა  როიალზე,  მაშინ  მეც  მომინდა,  დაკვრა  მესწავლა  და  ფორტეპიანოზე  შემიყვანეს.
– ბეთჰოვენი,  შოპენი,  შუბერტი გიყვარს
–  მათი  მუსიკა  ჩემში  განსაკუთრებულ  ემოციას  იწვევს.   ძალიან  მიყვარს  გია  ყანჩელი, მისი  მუსიკის  ხასიათი  მხიბლავს.
ევგენი  მიქელაძის  სახელობის ცენტრალურ სამუსიკო  სასწავლებელში სწავლობ…
– ფორტეპიანოსა  და  ვოკალურ  განყოფილებებზე ვსწავლობ,  მე-7  კლაში  ვარ.  მუსიკა  ჩემთვის  ერთგვარი  თერაპიაა. სხვანაირი  ხასიათი   ჩამომიყალიბა,   მუსიკალური  გემოვნება  განმივითარა.
– პედაგოგები  შენს  ვოკალურ  მონაცემებზე  ამახვილებენ  ყურადღებას,  შენ  რომელს  ანიჭებ  უპირატესობას,  ფორტეპიანოს  თუ  მუსიკას?
 –    ამორჩევა  ცოტა  ძნელია,  რადგან  ჩემთვის  ორივე  მნიშვნელოვანია,  მაგრამ  უფრო  სიმღერისკენ  ვიხრები.
  ავე მარიას  დიდი განცდით მღერი…
– „ავე მარია“  ჩემთვის  საგალობელია,  მისი  შესრულებისას  რწმენით  და  მოწიწებით  ვივსები…
–   რომელი  კომპოზიტორების  ნაწარმოებებს  სწავლობ?
–  ამჟამად  ვსწავლობ  ჰაიდნის  სონატას,  ბახის  ფრანგულ  სუიტას,  შოპენის ლირიკულ  პიესას.  ვოკალურზე  ვამზადებ მოცარტის „იას“  და  იტალიურ  სიმღერებს.  მუსიკა  მეხმარება  განწყობის  ამაღლებასა  და  სიმშვიდის შენარჩუნებაში.
  წერ  პატარა  ჩანახატებს, რომლებიც ჟურნალმა „ანეულმა“ გამოაქვეყნა
–  ალბათ  წერა  არც  ისე  ადვილია,  მაგრამ  ღრუბლიანი  ამინდის  დროს  აუცილებლად  გაიფიქრებ,  გამოიდარებს  თუ  არა,  ჰოდა,  მეც  ავდგები  და  ვწერ  ამ  ემოციაზე.  შეიძლება  წვიმის  დროს  დავწერო,  რას  ფიქრობს  ქოლგებით  აჭრელებული  ქუჩა.  ზოგჯერ,  უბრალოდ  მუზა  გეწვევა  და კალამიც  მზად  არის…
  ევროპაში  ხშირად  მოგზაურობ…
–   მოგზაურობა  დედას  ჰობია,  ხშირად  ვმოგზაურობთ  ევროპაშიც  და  საქართველოშიც.   მესამე  წელია,  ყოველ  ზაფხულს  ჩავდივართ  გერმანიასა  და  ავსტრიაში.   ბერლინში  გერმანული   ენის  კურსები გავიარე,  თავისუფალ  დროს მთელი  ბერლინი  დავათვალიერეთ,  მუზეუმები, გამოფენები, ზოოპარკი  და  აკვარიუმი,   ექსკურსიაზე ვიყავით  პარლამენტის  შენობაში,  დავესწარით    ჰოლანდიელი  დირიჟორის,  ანდრეი  რიუს  კონცერტს.
ვენის  ოპერაშიც  ვიყავით, მოცარტისა და შტრაუსის  მუზეუმებიც  ვნახეთ, ბელვედერეში კლიმტის ნახატები დავათვალიერეთ…  საერთოდ,  ავსტრია  ძალიან მიყვარს,  ვენა,   ზალცბურგი,  გრაცი, ჰალშტატი,  რომელი  ერთი  ჩამოვთვალო,   ძალიან  მომეწონა  საკურორტო ქალაქი  „ბად იშლი“  –  ფრანც იოზეფის  და  სისის  საზაფხულო  რეზიდენცია.  ყველგან,  სადაც  ვყოფილვარ,  იმდენი  პარკი  და  ბაღია,  ისეთი  სიმწვანეა,  მიწიერ  სამოთხეს  ჰგავს.
ვენაში  ეუთოს ოფისიც  კი  დავათვალიერეთ.  მოგზაურობისას  ბევრ  ახალს  ეცნობი  და  სწავლობ.  ძალიან  საინტერესოა.
ჰობი
– ცეკვა,  ცურვა,  ჯირითი… ბავშვობიდან  ვცეკვავ, ცეკვის  გარეშე  არ  შემიძლია,  საბალეტო  სტუდიაშიც  ვსწავლობდი,  უდროობის  გამო ვეღარ გავაგრძელე.  მიყვარს  წყალში  ყოფნა.  ვგიჟდები  ცხენებზე  და  ამიტომ  ვისწავლე  ჯირითი…
სიკეთე  და  ბოროტება…
 – სიკეთე –  სითბო,  სიხარული,  სიყვარული,  სინათლე…  ბოროტება – ადამიანის  ყველაზე  საშინელი  მტერი,  რომელიც  უნდა  განდევნო…
– ნატვრა…
ვიმღერო  დიდ  სცენაზე…
რომელს  ანიჭებ  უპირატესობას,  წერას,  დაკვრას  თუ  სიმღერას?
–  უპირატესობას  წერას  ვანიჭებ.  როცა  უკრავ  ან  მღერი,  სხვისი  ემოცია  უნდა  გაითავისო,  ხოლო  როდესაც  წერ,  შენს  ფიქრებს  და  განცდებს  გადმოსცემ.
დედა…
– ყველაზე  ერთგული  და  საიმედო  მეგობარი. გვასწავლის, პირველ  ნაბიჯებს  გვადგმევინებს, გვიღებს  ახალი  სამყაროს  კარს, მუდამ  ჩვენს  გვერდით  არის,  ჩვენი  დასაყრდენია  ამ  სამყაროში…
– გიყვარს  ბუნება  და  იქ განმარტოება… ამ  დროს  როგორი  ხდება  შენი მე“…
– თავისუფალი,  მშვიდი  და  ბედნიერი…
  ერთ ჩანაწერს „აურზაურის  ქვეყანა  დაარქვი…
– აურზაურის  ქვეყანა…  ამ  ჩანახატის  სათაურის  ბიძგი  მომცა  საუბრებმა  ქალბატონ  მანანა   ბეგიაშვილის  „ლიტერატურულ  სახელოსნოში“,  სადაც  მე  და  ჩემი  თანატოლები  აზროვნებისა  და  წერის  კულტურას  ვეუფლებით,   მისგან  ბევრს  ვსწავლობთ.  ჩემი  ჩანახატების  შთაგონებაც,   ძირითადად,  „ლიტერატურული  სახელოსნოს“   ზეგავლენაა. მე  დიდად  მადლიერი  ვარ  მისი.  მიყვარხართ,  მანანა  მას!
–  სამომავლო  გეგმები…
– ბევრს  ვფიქრობ  და  ვოცნებობ,  მაგრამ  ჯერჯერობით  საბოლოო  არჩევანი  არ  მაქვს,  ალბათ  უფრო  მუსიკა, ანუ სიმღერა…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები