ნინო გოგუაძე გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე იმსჯელეს თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ და გერმანელმა ჟურნალისტებმა შეხვედრისას, რომელიც პარლამენტში გაიმართა.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გერმანიაში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ, შეხვედრისას დაინტერესდნენ დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხთან დაკავშირებით რა ტიპის პრობლემური საკითხები გამოიყო თემატური მოკვლევისას, ვინ არიან მოწყვლადი ჯგუფები და ვიზე ვრცელდება დეზინფორმაცია, რა მასშტაბის პრობლემად აღიქვამს ამას სახელმწიფო და რა უნდა გააკეთოს მან უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად.

ნინო გოგუაძის შეფასებით, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას საქართველო გამოყოფს პრობლემურ საკითხად თუმცა, ამავდროულად ასევე, პრობლემურია საკითხი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით საერთო ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაინც ყველა ქვეყანას თავისებური კონტექსტი აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა, რათა უფრო დიდი სურათით შეგვეძლოს დანახვა, სად იკვეთება ქვეყნების ეს საფრთხეები, სად არის თავისებურებები, სად შეიძლება სახელმწიფოებმა და ქვეყნებმა ერთობლივი მუშაობის პერსპექტივები დაინახონ. ეს არის ინფორმირების კარგი შესაძლებლობა სხვა ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, თუ რა ტიპის პრობლემების და სირთულეების წინაშე დგას საქართველო ამ მიმართულებით”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებული საფრთხეები რეალურად იყოს აღქმული, რათა შესაბამისად მოხდეს რეაგირების მექანიზმებზე მუშაობა.

„როდესაც დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე ვმუშაობთ მთავარია, საფრთხეს მივუდგეთ ისე, როგორც არის წარმოჩენილი და არ ვიმსჯელოთ სტერეოტიპებზე და პოპულარულ საკითხებზე. რეალურად უნდა აღვიქვათ ის საფრთხეები რაც არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება რეაგირების მექანიზმებზე მუშაობა. მთავარია ვიცოდეთ საიდან მოდის და ვინ ავრცელებს ამ საფრთხეს, რა არის ჩვენი რეაგირების მექანიზმები, როგორ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ეფექტიანები და რა არის საერთაშორისო პრაქტიკა”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები