გორელი ახალგაზრდები, ქართულ-პოლონური გაცვლით პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში იმყოფებოდნენ

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 ახალგაზრდა, ქართულ-პოლონური გაცვლით პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკას სტუმრობდა.  ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პოლონეთის კულტურულ მემკვიდრეობას გაცნობოდნენ, მოენახულებინათ ისტორიული ადგილები და ღირსშესანიშნაობები, დაემყარებინათ მეგობრული ურთიერთობები პოლონელ და უკრაინელ ახალგაზრდებთან, არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით განევითარებინათ სოციალური თუ ენობრივი უნარები.

პროგრამის ფარგლებში, გორელმა მონაწილეებმა łaszczów-ის სკოლების პოლონელი მოსწავლეებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

” მონაწილეები ასევე შეხვდნენ პოლონეთში საქართველოს ელჩს ილია დარჩიაშვილს. შეხვედრაზე ქართველმა მონაწილეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, ელჩთან ერთად ისაუბრეს საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე და ა.შ. ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „აქტიური ახალგაზრდობა” ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებდა ტომაშუვ ლუბელსკის Czajnia Association, გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით და თანადაფინანსებით.

პროგრამის მიზანს წარმოადგენდა, ორივე ქვეყნის ახალგაზრდების მიერ, საქართველოსა და პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება და მათი სოციალური უნარების გაძლიერება. პროგრამა გულისხმობდა ორივე ქვეყანაში, ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამის ორგანიზებას, რომელშიც ერთობლივად იყო ჩართული 10 ქართველი და 10 პოლონელი ახალგაზრდა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ვიზიტის პროგრამა და დღის წესრიგი დაიგეგმა გორის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეების ჩართულობით და აქტიურობით. აღნიშნული გარემოება ახალგაზრდებისთვის იყო დამატებითი მოტივაცია და შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა მათ სურვილებსა და ინტერესებზე მორგებულ გაცვლით პროგრამაში, რამაც, საბოლოო ჯამში, გაზარდა პროგრამის ეფექტურობა და ხელი შეუწყო მისი მიზნების წარმატებით მიღწევას,“ – ნათქვამია გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები