7 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება

7 ნოემბერს 13:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, მხატვარ ბექა ხუცურაულის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც ხელოვანმა „კვირას“ განუცხადა,  გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარს წარმოადგენს.
„7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის დღედ 7 ნოემბერი იმიტომ განისაზღვრა, რომ ერეკლე მეორის დაბადების დღეა და ერეკლეობა აღინიშნება თელავში. მინდა დაახლოებით 50- მდე ნამუშევარი  გამოვფინო. აქ არ არის კონკრეტული თემატიკა, შერეულია, რადგან პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა შემოდგომის თემატიკა უფრო ჭარბობს. შემოდგომის თემატიკაზე ბევრი ნამუშევარი მაქვს. მითუმეტეს კახეთია, დახუნძლულია იქაურობა ფერებით და მინდოდა, მეც ამ კუთხით წავსულიყავი. გამოფენა 10 დღეს გასტანს“, – აღნიშნა ბექა ხუცურაულმა.
მისივე თქმით, გამოფენა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში თელავის მუზეუმის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა.
„რა თქმა უნდა, მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი წლის განმავლობაში  ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მინდა, რომ ეს დღე განსაკუთრებული იყოს. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში არის ფერწერული ტილოები, ზეთით და ტემპერით შესრულებული, ანუ რამდენიმე ასეთი ნამუშევარიც გამოიფინება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ნამუშევრების გაყიდვა“, – მოგვითხრობს მხატვარი.
ფერმწერმა გამოფენაზე წარმოსადგენი ნამუშევრების ნაწილს მხატვარმა კერძო კოლექციებიდან მოუყარა თავი, ნაწილი კი ახალი დახატული აქვს.
„ვფიქრობ, გამოფენა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან პირველი პერსონალურია და საგამოფენო დარბაზში სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი. ვიცი, რომ მუზეუმის თანამშრომლები და მთელი თელავი გულით მელოდება. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ძალიან ძვირფასი მოვლენა“, – დასძინა მხატვარმა ბექა ხუცურაულმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები