„ამაზე მანამდეც უნდა ეზრუნათ“ – თეოლოგის განცხადებით, მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხები სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ

სინოდის დღევანდელი სხდომისგან რაღაც განსაკუთრებულს არ მოველი, – ამის შესახებ თეოლოგმა ნუგზარ ბარდაველიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თოლოგი აცხადებს, რომ მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე უნდა განიხილონ.

„პირველი და მთავარი საკითხი წმინდა სინოდისა და მისი წევრებისათვის, ერთერთი მთავარი ეპარქიის, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის დანიშვნის საკითხი იქნება.

რაც შეეხება მეუფე იაკობს – ალბათ, უნდა იყოს მასთან დაკავშირებული საკითხები განხილული,როდესაც საზოგადოების ასეთი ინტერესია, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? მახსოვს, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან მან თავი დაგვამახსოვრა თავისი მკვეთრი, უხეში გამონათქვამებით. რა თქმა უნდა, ამაზე მანამდეც უნდა ეზრუნათ. არავის უნდა დაავიწყდეს და პირველ რიგში სასულიერო პირებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის თავმდაბლობა, მორჩილება და არა ამბიციურობა. თუ ამის სურვილებია, საერო ასპარეზზე შეუძლიათ, ბევრი მიმართულებით იმუშაონ.

სინოდის სხდომისგან რაღაც განსაკუთრებულს არ მოველი, მისი პროტოკოლიდან გამომდინარე. არ უნდათ რომ გაამწვავონ, პირიქით, ცდილობენ, რომ ქრისტიანული სიყვარულის, სათნოების საფარველქვეშ ჩაატარონ სხდომები.

გუშინ განსაკუთრებით ყურში მომხვდა, როდესაც მეუფე გრიგოლმა განაცხადა, მინდოდა მაგრამ ვერ დავესწრები სხდომასო. ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია.

მღვდელმთავრისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, სინოდის კრებაში მიიღოს მონაწილეობა, არ არსებობს. გასაგებია, რომ ძალიან მაღალი დონის სტუმარი ჰყავს, მაგრამ ვიზიტის ოფიციალური ნაწილი გუშინ დასრულდა. ვთვლი, სულაც არ არის აუცილებელი, ეპარქიის მამართველი მისი გაცილებით იყოს დაკავებული . ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მღვდელმთავარს, რომლებმაც წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა სხდომაში, ერთგავარად თავს არიდებენ“, – განაცხადა ნუგზარ ბარდაველიძემ.

შეგახსენებთ, დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება. მეუფე იაკობი დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, -ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.
“პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები