„ღმერთმა გვაშოროს ომი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი კვლავ მე ვიქნები, ვინც ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დადგება“

ავღანეთი

გურიაში გატარებული ბავშვობა ულამაზეს მოგონებად დარჩა. ოზურგეთის რიონის სოფელ კონჭკათში დედასთან შეხვედრას ახლაც მოუთმენლად ელის… წლებმა კი უამრავი განსაცდელი და საფიქრალი დაუტოვა…
იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ეროვნული მოძრაობის წლები, 9 აპრილის მოვლენების შუაგული… მერე აფხაზეთის ომში წავიდა და რეპორტაჟებში ასახა ტკივილიანი ნაფიქრი… იყო ავღანეთშიც და ქართველი ჯარისკაცების ცხოვრებით იცხოვრა. ციკლში „წერილები ავღანეთიდან“ იქაური განწყობა და შთაბეჭდილებები გადმოსცა.
2014 წელს მოახერხა აფხაზეთში გადასვლა და ნაომარი ქალაქებისა და სოფლების ნახვა, იქაურ აფხაზებსაც შეხვდა. გამოსაცემად მზადაა წიგნი „ენგურს გაღმა საქართველო“, რომელიც ომის შემდეგ აფხაზეთში ვიზიტს მიუძღვნა. ასევე, ამზადებს წიგნს სადესანტო-მოიერიშე ბატალიონზე, რომელსაც ახლდა აფხაზეთის ომში.
გეგმავს პატარ-პატარა დოკუმენტური ფილმების შექმნას ქართველ ჯარისკაცებზე და მეომრებზე.
გამოსცემს სამხედრო-პატრიოტულ ჟურნალ „მეციხოვნეს“.  ამბობს, რომ ჯერ კიდევ მრავალი უცნობი გმირის ისტორია აქვს მოსაძებნი. სამხედრო ჟურნალისტის, ზაირა მიქატაძის პერსონა.

– დედაჩემი დედისერთაა, თვეების იყო, როცა მამამისი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როცა ზემო იმერეთიდან გურიაში გათხოვილა, ბებიაჩემი თურმე ძალიან განიცდიდა ერთადერთი შვილის შორს გათხოვებას, მთელი ცხოვრება მარტო უნდა ვიყოო.  მერე დედაც წუხდა მარტოდ მყოფ ბებიაზე და როგორც კი სასწავლო წლის ბოლო მოახლოვდებოდა,  ჩვენს მომზადებას იწყებდა – მე და ჩემს უფროს დას ახალ კაბებს შეგვიკერავდა და არდადეგების დაწყებისთანავე ბებიასკენ გავსწევდით. ისეთი სიხარულით მივდიოდი, გული ყოველთვის წინ მისწრებდა.
ძალიან კარგი ბებია მყავდა, თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე. სანამ პატარები ვიყავით, კოლექტივში მუშაობდა და ყანაში ხშირად დავყავდით. მახსოვს, პანტა მსხლის ხის ძირში დაგვსვამდა და ველოდებით, როდის მორჩებოდა თოხნას. ხანაც მე და ჩემს ძმას ჩვენს უფროს დასთან დაგვტოვებდა და მთელი დღე გზისკენ ვიყურებოდით… ჩვენ ბებიასთან ყოფნა გვინდოდა, მაგრამ კოლექტივში მუშაობა სავალდებულო იყო, ასე ვითვლიდით წლებს, როდის გავიდოდა ბებია პენსიაში.
ხუთშაბათობით სოფლის კლუბში კინო ტარდებოდა, მთელი კვირა ველოდებოდით ხუთშაბათ დღეს. კლუბის შესავლელში შინმოუსვლელთა სტენდი ეკიდა, რომელსაც სიამაყით შევხედავდი ხოლმე, რადგანაც ბაბუაჩემის ფოტოც იყო გამოკრული. ბებია იტყოდა, ერთადერთი სურათი მქონდა დარჩენილი, გატანება არ მინდოდა, მაგრამ არ მომეშვნენო. დრომ ჩემი ბავშვობისდროინდელი კლუბის შენობაც დაანგრია. სტენდზე გაკრული შინმოუსვლელი ჯარისკაცების ფოტოების გარკვეული ნაწილი განგებამ ჩემთან მოახვედრა. ბაბუას ერთადერთო სურათი კი სად გაქრა, არ ვიცი…
არდადეგების მიწურულს დედა ამოგვაკითხავდა და გურიაში დაგვაბრუნებდა. მთელი ღამე ვტიროდი ხოლმე, ბებიას მარტო დატოვება მიჭირდა. ბოლოს ისევ თვითონ გამამხნევებდა: არდადეგები ისევ მალე მოვა და ამოხვალთ, აბა, რას იზამთო?! სამი წელია, ბებო აღარ მყავს და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემი ყოველი დღე ბებიას ცრემლიანი გახსენებით იწყება.
დედაჩემი ძალიან მომთხოვნი ქალი იყო. ოღონდაც გვეკითხა და არაფრის გაკეთებას არ დაგვავალებდა. როცა წამოვიზარდეთ, გვეცოდებოდა და მისი უარის მიუხედავად, ვცდილობდით, ყველაფერში გვერდით დავდგომოდით. მახსოვს, დილით ჩაიში მეპარებოდა ხოლმე, რადგანაც კრეფისაგან მთელი ღამე მტკიოდა მკლავები. შეუძლებელს შეძლებდა და შვილებს არაფერში გამოგვწყვეტდა. სულ თავზე დაგვფუსფუსებდა. ახლაც ასეა, როდესაც გურიაში ჩავდივარ, თავი ისევ ბავშვი მგონია, ხელს არ გაგვატოკებინებს…
ყოველი წლის 1-ელი სექტემბერი მისთვის ბედნიერება იყო. სამივე და-ძმა სკოლაში თითით საჩვენებელი მოსწავლეები ვიყავით. ახალი სასწავლო წლის პირველსავე დღეს მთელი სკოლის წინაშე ქების სიგელებით გვაჯილდოვებდნენ, რომელსაც დედაჩემთან მივაფრიალებდით და ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი ძალისა და ენერგიის მიმცემი. ამაში თანდათან ვრწმუნდები, როდესაც ჩემი შვილების წარმატებებს ვხედავ.
მამაჩემი კომუნისტებზე განაწყენებული კაცი იყო. მათ „წითელ გველებს“ ეძახდა.  კომუნისტების რეალური სახე პირველად სწორედ მამაჩემმა დამანახა. ძალიან სამართლიანი იყო, უკანონობას ვერ იტანდა, მაგრამ ბრძოლის თავისებური გზა ჰქონდა არჩეული, რის გამოც ხშირად აპატიმრებდნენ.
რატომ გადაწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლა?

აფხაზეთი, სადესანტო-მოიერიშე ბატალიონთან ერთად

– ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე. მახსოვს, პრესა გვქონდა გამოწერილი და გაზეთ „კომუნისტში“ „საკუთარი კორესპონდენტი“ ამოვიკითხე. დედაჩემს ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი? ამიხსნა, რასაც ნიშნავდა და ძალიან მომეწონა. ხალხთან სიახლოვე მიზიდავდა, მათი სიხარულისა და ტკივილის შეგრძნება, მათი პრობლემების მოსმენა მინდოდა. მაშინ ასე მესმოდა ჟურნალისტობა.
ისეთ დროს ჩავაბარე, როდესაც ეროვნული მოძრაობა იწყებოდა. ჩემი მეგობარი, ნონა ახალაია, იმ ოჯახის ნათესავი იყო, სადაც ზვიადი და მერაბი სხვა დისიდენტებთან ერთად შეხვედრებს აწყობდნენ. პირველად ნონასგან გავიგე, რომ საქართველო რუსეთს ჰყავდა დაპყრობილი და რომ საჭოთა კავშირი ერთა თანასწორობის პრინციპებზე აგებული სახელმწიფო კი არ იყო, არამედ ძლევამოსილი იმპერია. ზუსტად იმ დროს გამოსვლებიც დაიწყო და მასში აქტიურად ჩავერთე. მერე ერთ-ერთ მიტინგზე სახალხოდ კომკავშირის ბილეთიც დავხიე, რისთვისაც მისი რიგებიდან გავირიცხე.
9 აპრილის მოვლენების დროს მოიწამლე…
– საპროტესტო აქციებში დაწყების დღიდან ვმონაწილეობდი. ერთხელ წავედი მხოლოდ სახლში და ისიც პატრიოტული ლექსის დასაწერად. მაშინ თითქმის ყველა წერდა ასეთ ლექსებს და შემდეგ მიტინგზე კითხულობდნენ, რაც იქ შეკრებილთა მუხტს მაღლა სწევდა. თან ვშიმშილობდი, თანაც მთელი ღამე მთავრობის სახლსა და ტელევიზიის შენობას შორის დავდიოდი.
დარბევა როცა დაიწყო, ტელევიზიასთან ვიყავი. მას შემდეგ ბევრი ცეცხლი და ქარტეხილი გამოვიარე, მაგრამ 9 აპრილის ღამეს არცერთი შეედრება. იქ მე საოცარი თავგანწირვა ვნახე, საოცარი სიმამაცე, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, მისთვის თავდადება და შიშველი ხელებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამემამულეების გადარჩენის მცდელობა. პირადად მეც ვიღაც ახალგაზრდამ გადამარჩინა, თორემ რუს ჯარისკაცს ჩემთვის ხელკეტი თავში ჰქონდა დამიზნებული. მოვიწამლე. რესპუბლიკურ საავადმყოფოს მეცხრე სართულზე მომათავსეს. გადაჭედილი იყო შენობა, დერეფანშიც კი იწვნენ მოწამლულები. ფანჯრებიდან შავლენტიანი სამფეროვანი დროშები გვქონდა გადაფენილი. ეს სურათი ერთდროულად აღძრავდა ჩემში სიამაყის განცდასაც და ტკივილსაც. მშობლები ოზურგეთში ცხოვრობდნენ და ჩემმა მეგობრებმა მათ დეპეშა გაუგზავნეს. მახსოვს, პალატაში სიამაყით მხრებგაშლილი შემოვიდა დედაჩემი. სახეზე ეწერა, სწორედაც რომ აქ უნდა იყოო. სამაგიეროდ, მამაჩემს უთრთოდა სახე და ცრემლებს ვერ იკავებდა.
გადავრჩი, თუმცა დღემდე მომყვება მოწამვლის შედეგები. 9 აპრილს მოწამლულები საშუალო ასაკს იშვიათად სცდებიან, მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ იმ ღამეს ჩემი ერის გვერდით ვიდექი.
აფხაზეთის ომის დროს რამდენჯერმე წახვედი და რეპორტაჟებით გადმოეცი ომის ამბები… ამ გადასახედიდან რას იტყოდი?– აფხაზეთის ომს წინ უძღოდა ჩემი ცხოვრების ერთი ხანმოკლე ეტაპი. ერთ დღესაც ზვიად გამსახურდიამ მიტინგზე ახალგაზრდებს მოუწოდა, ჩვენს არაქართველ დებსა და ძმებს ქართული უნდა ვასწავლოთო. მე და ჩემმა მეგობარმა, ნონა ახალაიამ, დაუფიქრებლად მივიღეთ მარნეულში წასვლის გადაწყვეტილება. განათლების განყოფილებიდან სოფელ სადახლოში გაგვამწესეს. იქ კი სხვადასხვა სკოლაში მოვხვდით. წარმოუდგენელ სირთულეებს წავაწყდით, რადგანაც ბავშვებს ქართველი თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი. ამას თან ერთვოდა დაძაბულობა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. თბილისიდან უთენია გავდიოდით, რომ 9 საათზე სკოლაში ვყოფილიყავით.
თბილისი-სანაინის ელექტრომატარებელს დავყვებოდით. მოგეხსენებათ, სანაინი სომხეთის ტერიტორიაა და რადგანაც მატარებელში ძირითადად სომხები ისხდნენ, აზერბაიჯანელები მათ ქვებს ესროდნენ. თუ ქვებს ავიცილებდით, ორპირ სიცივეს მაინც ვერსად გავურბოდით, რადგანაც ფანჯრები სულ დალეწილი იყო. და ასე გაჭირვებით ვმგზავრობდით თბილისი-სადახლოს გზაზე.
სახლი, სადაც სოფლის საბჭომ დაგვაბინავა (ჯერ კიდევ კომუნისტური წყობა იყო), სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობდა. ერთ ღამესაც შორიდან სროლის ხმები ისმოდა, რაზედაც ძაღლებმა სულის შემძვრელი ყმუილი და ყეფა ატეხეს. ნონას ხუმრობით ვუთხარი, მე რა მიჭირს, თეთრი ვარ და როგორც კი შემომხედავენ, მიხვდებიან ქართველი რომ ვარ, მაგრამ შენ რა გეშველება-მეთქი, რადგანაც იგი შავგვრემანი იყო. „ია გრუზინკა, ია გრუზინკა“, – ყვირილს ავტეხო, მიპასუხა ნონამ. ამაზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა სიმწრის სიცილი გვქონდა, რადგანაც ის, რაზედაც ვიცინოდით, ადვილი შესაძლებელი იყო, მართლა მომხდარიყო.
სამი წელი დავყავით სადახლოში. ამ სამ წელში კიდეც ავირჩიეთ და კიდეც დავამხეთ ის ერის კაცი, ვის დაძახილზეც წავედით მე და ნონა სადახლოში. ვგრძნობდით, რომ უკვე ქართული ენა აღარ იყო აქტუალური. იქ თითქმის ყველა ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო. ასეთ გარემოში ძალიან რთული იყო მუშაობა, მით უფრო, 20-21 წლის გამოუცდელი გოგონებისთვის. ამასობაში, აფხაზეთში ომი დაიწყო და აღარც სკოლა მახსოვდა და აღარც ჩემი უნივერსიტეტი. მთავარი საფიქრალი გახდა, როგორ მოვხვედრილიყავი ომში.
ათასი ჭორ-მართალი დადიოდა თბილისში. ომში საყაჩაღოდ და ნარკოტიკებისთვის მიდიანო. ყველაზე მეტად ეს მაწუხებდა, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გვარდიის პირველი ჯარისკაცები აფხაზეთში მოსახლეობას ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ. მინდოდა, გავრცელებული ხმების სიმცდარე საზოგადოებისთვისაც დამენახვებინა.
ჩავედი და აღმოვჩნდი სხვა რეალობაში, ეროვნული მოძრაობის მუხტით განმსჭვალული ბიჭები უთანასწორო ომში… მოდიოდნენ, დაღუპულ თანამებრძოლს მოასვენებდნენ, მიწას მიაბარებდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ასეთი რამ არც ფილმში მინახავს და არც წიგნში წამიკითხავს. ეძლეოდათ შესაძლებლობა, ცოტა ხნით მაინც ყოფილიყვნენ სამშვიდობოს, სძინებოდათ მშვიდად, სუფთა, თბილ ლოგინში, უსაფრთხოდ, ისინი კი უარს ამბობდნენ ამაზე და კვლავ ომში ბრუნდებოდნენ. ამ წლების გდასახედიდან სწორედ ეს ჩაებეჭდა ჩემს მეხსიერებას. სხვაა, როცა ომში ხარ და უკან დასახევი გზა არ გაქვს, მაგრამ როცა იმ საშინელებას თავს აღწევ და გეძლევა შანსი, დარჩე მშვიდობიან ცხოვრებაში და შენ ომს არჩევ, ყველაფერზე მაღლა დგახარ.
ვმადლობ უფალს, რომ ჩემს თვალსაწიერზე მყოფი თითოელი მეომრის ეს სიმაღლე დამანახა აფხაზეთში. „სამშობლო ერთია და მისთვის არც სიცოცხლე მენანება“, – ეს სიტყვები აფხაზეთის ომში წარმოთქვა ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გმირმა, ზაზა დამენიამ. თავის გულში, ალბათ, ყველა მეომარი ამას ფიქრობდა.
2011-2014 წლებში პროექტითქართული ენა მომავალი წარმატებისათვისეთნიკურ უმცირესობებს ასწავლიდი. რით იყო შენთვის მნიშვნელოვანი ის წლები?

ფიქრათ ისმაილოვი

– როდესაც სადახლოდან წამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბრძოლის ველი მივატოვე, რადგანაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საქართველოს ძალიან უჭირდა. თუმცა სხვა გზა არ მქონდა, აფხაზეთში მეორე ბრძოლის ველი მელოდა. მუდმივად მაწუხებდა იმის განცდა, რა ძნელია, ცხოვრობდე სახელმწიფოში, რომელიც შენი სამშობლოა, რადგანაც აქ დაიბადე და გაიზარდე და არ იცოდე სახელმწიფო ენა?! საშინელებაა, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის რეალიზება უნდა, სურს, რაღაც გააკეთოს ქვეყნისთვის და ენის ბარიერი ხელს უშლის. ამის მაგალითები ბევრი იყო აფხაზეთის ომშიც. ძალიან ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობამ ქართული ენა არ იცოდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ „ძალაში იყო“ რუსული ენა და ურთიერთობებს ეს აადვილებდა.
ერთი სიტყვით, ჩამოვწერე ჩემი ხედვები და განათლების სამინისტროში შევიტანე, საიდანაც მომივიდა პასუხი, რომ არსებობდა ასეთი პროექტი: „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“, რომელიც იმ მოსაზრებებსაც ახორციელებდა, რაც მე მქონდა. ასე მოვხვდი ამ პროექტში. ვთვლი, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია განათლების სისტემაში და, ასევე, სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომის მომცველი. ენთუზიაზმით სავსე გოგო-ბიჭები მთელ საქართველოს მოედვნენ. გარდა ქართული ენის შესწავლისა, ჩვენი კულტურის, ისტორიის, ტრადიციების და რაც მთავარია, მეგობრობისა და სიყვარულის პოპულარიზაციას ვეწეოდით, რა თქმა უნდა, მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებითა და პატივისცემით.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, მარი ბობოხიას (რომელიც დღესაც ასწავლის მარნეულში) იდეა იყო, აზერბაიჯანელი ბავშვები სამხედრო ნაწილში წაგვეყვანა. ასე ჩაეყარა საფუძველი პროექტს – „ერთი დღე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“, რომელშიც მარნეულისა და ბოლნისის ბევრი სკოლა ჩაერთო.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ტრანსპორტს ულაპარაკოდ გვაძლევდა, სამხედრო ნაწილები საგანგებოდ მომზადებულები გვხვდებოდნენ და პროექტიც წარმატებით მიმდინარეობდა. სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა ის, რომ ბევრმა ახალგაზრდამ, რომელსაც ბაქოში წასვლა და ქართული ჯარისთვის თავის არიდება ჰქონდა განზრახული, გადაწყვეტილება შეცვალა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ყოფილი მოსწავლე, ფიქრათ ისმაილოვი. სამხედრო ნაწილში ყოფნისას ისე მოეწონა იქაურობა, რომ დამპირდა, აუცილებლად ვიმსახურებო. ცოტა ხნის შემდეგ თავმოხოტრილი შემხვდა ქუჩაში, მასწ, ჯარში წავედიო, სიამაყით მახარა.
აზერბაიჯანელმა გოგონამ, გიუნაი ბაქიროვამ კი სწავლის გაგრძელება კადეტთა სასწავლებელში გადაწყვიტა. დიდი სურვილი მქონდა, სამხედრო ნაწილებში ეთნიკური უმცირესობის ჯარისკაცებისთვის ჩამეტარებინა ქართული ენის გაკვეთილები, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელი დამრჩა, რადგანაც პროექტი ისედაც შრომატევადი იყო და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. სამი წელი დავრჩი ამ პროექტში. მიხარია, რომ იგი დღესაც გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი წარმატებული იქნება.
წერილები ავღანეთიდან“ – როგორც სამხედრო ჟურნალისტმა, საინტერესოდ მიაწოდე მკითხველს იქაური განწყობა და ვითარებაროგორია შენი დამოკიდებულება ზოგადად ავღანეთის თემისადმი?

ავღანეთი, ბაგრამის ბაზა. ქართული ჯარების სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთში, ამჟამად სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე

– პროფესიული ინტერესის გარდა, ავღანეთის მიმართ სხვა ადამიანური დამოკიდებულებაც გამაჩნდა. ყოველმხრივ დაჩაგრული ქვეყანა – ბუნებით, კლიმატით, ადათითა და პოლიტიკური ცხოვრებითაც კი. იქ ხალხის ბედს ტერორისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალა წყვეტს, რომელიც საკუთარ ხალხსაც უწყობს აფეთქებებს. ძნელია, მშვიდად იყო მაშინ, როცა ხედავ, უამრავი ქალი, ბავშვი, მოხუცი თუ ახალგაზრდა თანამემამულეების მიერ დადებულ ნაღმებზე ფეთქდება. საშუალება მომეცა, რამდენიმე დღე მეცხოვრა ჩვენი ბიჭების ცხოვრებით. იმ ჯარისკაცების, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში სამშობლოს ინტერესებს ემსახურებიან. მაგრამ რა არის ეს ინტერესი? – ხშირად მიფიქრია ამაზე.
რა უნდა ქართველ ჯარისკაცს ავღანეთში? რას ეძებს სხვის მიწაზე? ეს კითხვები არ მასვენებდა იქაც, როცა ასეულობით ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ასე მობილიზებულს, მოწესრიგებულს, ორგანიზებულს ვხედავდი. იქამდე მეგონა, რომ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის აზრი ჩემი ჯარის სიმტკიცე, სიძლიერე, პროფესიონალიზმი, გამოცდილება იყო. შემდეგ კი – ჩემი პატარა ქვეყნის სახე და სახელი მსოფლიო კოალიციაში.
ახლა კი უფრო სხვაგვარად ვაფასებ მათ იქ ყოფნას. ჩვენი ბიჭები ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. ტერორიზმს კი საზღვარი არ აქვს, არც სამშობლო და არც ეროვნება. მან კონკრეტული ქვეყანა არ იცის. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში უპირველესად საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი სიცოცხლის დაცვა მოიაზრება. ქართველი ბიჭები სწორედ ამ მისიას ასრულებენ ავღანეთში.
2014 წელს აფხაზეთში მოახერხე გადასვლა და ნაომარი ქალაქებისა და სოფლების ნახვა 

ტყვარჩელი – 2014 წელი

– აფხაზეთის მონახულებაზე ომის შემდეგ სულ ვოცნებობდი. გამიმართლა და 2014 წლის ბოლოს ამ კუთხეში მოვხვდი, თუ შეიძლება გამართლება ერქვას იმ ჯოჯოხეთის ხილვას. აფხაზები კარგად ხედავენ, როგორ რადიკალურად განსხვავდება ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველო ერთმანეთისგან. ჩასაფრებულები არიან (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით), სად რა შენდება და კეთდება.
იმის გარდა, რომ ქართველი მეზობლები ენატრებათ, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასაც ყურს უგდებენ. აფხაზეთიდან დაბრუნებული თბილისში გუდაუთიდან ჩამოსულ აფხაზ და-ძმას შევხვდი. გოგონას მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, რომლის განკურნება ვერც აფხაზეთში შეძლეს და ვერც რუსეთში. მაინც მოგვიკვდებოდა და აქეთ გადმოსვლა გავრისკეთო, მითხრა ძმამ. სასტუმრო საავადმყოფოსთან ახლოს იქირავეს, რათა ქალაქში სიარული არ მოწეოდათ და ქართველების ყურადღება არ მიექციათ, მაგრამ ქართველი ექიმების გულისხმიერებამ მათი შეხედულებები სულ დაამსხვრია და უკან შიშით კი არა, სიყვარულით სავსე გულით ბრუნდებოდნენ. რაც მთავარია, გოგონა სრულიად განკურნებული წავიდა და როცა კონტროლზე კვლავ ჩამოვიდნენ, უკვე თბილისის დათვალიერებაც მოინდომეს.
ვხვდები აფხაზებს, რომლებიც ქართულ პირადობის მოწმობებს იღებენ. მოსწონთ პატრული, ჩვენთან ინსპექცია ყოველ ნაბიჯზე გაჩერებს, აქ კი თუ არ დაარღვევ, არავინ გაგაჩერებსო, ამბობენ. ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ, თორემ ჩვენთან დაბრუნება რომ არ უნდოდეთ, გამორიცხულია. იქ კარგად მხოლოდ ერთეულები არიან, ისიც კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები. ან კი როგორ უნდა იყო კარგად, როდესაც შენი სასახლის ირგვლივ გადამწვარ და გავერანებულ გარემოს ხედავ?! პრინციპში, ჯანმრთელობის პროგრამის მეტი არც არფერი კეთდება იმისათვის, რომ აფხაზებს ჩვენი სიკარგე და სიძლიერე დავანახოთ.

უმაღლესი საბჭო, ეს ის კადრია, რომელიც ისე გადაიღო, რომ არავის შეემჩნია – 2014 წელი

საჭიროა მეტი სახალხო დიპლომატია, თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ, ერმაც და ბერმაც. მარტო ხელისუფლებას რომ ვუყუროთ ხელებში, არაა სწორი. არის ნიუანსები, სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო გაძვრებიან, ვიდრე სახელისუფლებო უწყებები. გარდა ამისა, ხელისფლებასთან კონტაქტი აფხაზებს სასტიკად ეკრძალებათ (ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც იქ პოლიტიკურ ამინდს ქმნის). უფრო მეტიც, აფხაზურ ოჯახში სტუმრობისას ერთობლივ ფოტოებს რომ ვიღებდით, მასპინძლებმა მთხოვეს, ინტერნეტით გადმომეგზავნა და ე.წ. საზღვარზე არ გადმომეტანა, რადგანაც იყო იმის საშიშროება, რომ რუსები ფოტოაპარატს შემიმოწმებდნენ.
ეშინიათ ჩვენი ჯარის გაძლიერების, ჰგონიათ, შევიჭრებით და ძალით გავათავისუფლებთ. ამიტომ მეტი პროპაგანდაა საჭირო, იმის ჩვენება, რომ ჯარი ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებად კი არ გვჭირდება, არამედ ერთიანი საქართველოს დასაცავად, სადაც ჩვენი თანამემამულეები, აფხაზებიც და ოსებიც მოიაზრებიან.
გამოსცემ სამხედროპატრიოტულ ჟურნალმეციხოვნეს“, რომელსაც იწერენ სკოლები
– სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში იდეოლოგია არ არსებობს. პატრიოტიზმზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც სჭირდებათ. არადა, ჩვენს თითოეულ ნაბიჯს ლაიტმოტივად სამშობლოს სიყვარული უნდა გასდევდეს. სამსახური, პროფესია, საქმიანობა პირველ რიგში იმისთვის უნდა გინდოდეს, რომ სამშობლოს ემსახურო. ჩვენთან პირიქითაა – ჯერ თავო და თავოო. და ამ საკუთარი თავის სამსახურში ზოგჯერ სამშობლო კი არა, ადამიანობაც ავიწყდებათ.
ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს პატრიოტული გამოცემა. და სადღაც გაკვრით კი არ გაიელვოს პატრიოტულმა სტატიამ, არამედ ყველა წერილი პატრიოტიზმით იყოს გაჟღენთილი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამის საჭიროება დიდი ხანია, არსებობს. ციხე – სამშობლო, მეციხოვნე კი მისი დამცველი აზრით, გონებით, იარაღით, საქმით და თუნდაც გმირი შვილის გაზრდით. ესაა ჟურნალის სახელწოდების არსი.
ჟურნალი ხუთი წელია არსებობს. ორი ნომრის გამოცემის შემდეგ მსგავსი შინაარსისა და ფორმატის ჟურნალის გასაკეთებლად მიმიწვია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა. ჩემთვის მთავარი იყო, დაწყებული საქმე გაგრძელებულიყო, მით უფრო, რომ სახელმწიფო უწყების ჟურნალის გამოცემა უფრო ადვილი იყო, რადგანაც ფინანსების მოძიებისთვის წვალება აღარ მჭირდებოდა.
ასე რომ, ჩემი „მეციხოვნე“ ჟურნალ „ვეტერანის“ ფუძემდებელი გახდა. ჩემი რედაქტორობით გამოვიდა მისი 16 ნომერი. გასულ წელს სამსახურის ხელმძღვანელობამ სხვა ფორმატის ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტა და რედაქტორადაც სხვა დანიშნა. ასე რომ, დღის წესრიგში დადგა „მეციხოვნეს“ აღდგენის საკითხი. ღვთის ნებით, ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან, გიორგი თუხარელთან, მამუკა ჭანუყვაძესთან და ნუგზარ გოგშელიძესთან ერთად ჟურნალის გამოცემა შევძელი. გამოვიდა სამი ნომერი, ანუ სულ ხუთი ნომერი არსებობს, რომლებიც სკოლების გარდა ბიბლიოთეკებსაც აქვს გამოწერილი. ჟურნალში ქვეყნდება პატრიოტული თემატიკის პუბლიკაციები; ასევე, ინფორმაციები საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარის მონაწილეობის შესახებ, უსახელო გმირების ისტორიები და ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის უცნობი დეტალები, რისი ცოდნაც, ჩემი აზრით, საქართველოს თოთოეული მოქალაქისთვისაა აუცილებელი.

რუსული ბაზა გალში – 2014 წელი, ზაირა მიქატაძის ფოტო

რადგან ჟურნალთან წვდომა აქვთ სკოლებს, ჟურნალი თავისებურ როლს ასრულებს მოსწავლე-ახალგაზრდობის შემეცნებითი-საგანმანათლებლო დონის ამაღლებასა და პატრიოტიზმის გაღვივებაშიც. ბევრი სკოლა თანამშრომლობს ჩვენთან. ბავშვები ეძებენ თავიანთი სოფლის გმირებს და სტატიებს გვაწვდიან მათ შესახებ. ბევრიც ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებს სასკოლო ღონისძიებებისთვის იყენებს. „ფუჭად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“ – სადღაც ჩვენც გვესადაგება ბარათაშვილის ეს სიტყვები. ამ რწმენას კიდევ უფრო გვიმყარებს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, სადაც უწმინდესი მომავალ თაობაში სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვის აუცილებლობას ქადაგებს. სწორედ ამ ქადაგებიდან ამონარიდით იწყება „მეციხოვნეს“ყოველი ნომერი.
დასასტამბად გაქვს გამზადებული წიგნიენგურს გაღმა საქართველო“...
– წიგნი ომის შემდეგ ჩემს აფხაზეთში ვიზიტს მივუძღვენი. ხუთდღიანი მოგზაურობის დროს შემოვიარე გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის სოფლები. ქალაქები: სოხუმი, გუდაუთა, გაგრა.
შევხვდი აფხაზებს. მოვისმინე მათი მოსაზრებები, გავეცანი მათ განწყობას. დავდიოდი გაპარტახებულ და უკაცრიელ ადგილებში, ვიღებდი ფოტოებს, ხოლო საღამოს, მძიმე შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი, ვწერდი დღიურებს, სადაც დაწვრილებით აღვწერდი ნანახს და გაგონილს.
რამდენიმე საათი ვიწვალე, მინისტრთა საბჭოსთვის რომ სურათი გადამეღო. უბრალოდ, პრინციპის საკითხი იყო…
შევხვდი იმ აფხაზებსაც, რომლებიც აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დღეს მათ ქართველები ენატრებათ, ისევე, როგორც ქართველებს – აფხაზები. წიგნში განთავსებულია ჩემი, როგორც ქართველი ჟურნალისტის, ხუთდღიანი აფხაზური დღიურები და ის ფოტოები, რომლებიც ოკუპირებულ მხარეში გადავიღე. ნაშრომს ლაიტმოტივად მიჰყვება აზრი: “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.
ფინანსური პრობლემების გამო ჯერჯერობით წიგნის დაბეჭდვას ვერ ვახერხებ, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ გამოიცეს და უფრო მეტიც, ენგურს გაღმა საქართველოში, აფხაზურ ოჯახებშიც შეაღწიოს.
ოჯახი, შვილები
– ჩემი ყოფილი მეუღლისთვის მიუღებელი იყო ჩემი წარსული, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება, სულისკვეთება და მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ მე მარტო საკუთარ თავს და  კონკრეტულ პიროვნებას კი არა, სამშობლოს ვეკუთვნოდი, გავშორდი. ახლა მას სხვა ოჯახი ჰყავს. მე კი ჩემს ორ შვილთან ერთად ყოფილი მეუღლის ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ ჯანმრთელები ვართ და თავზე ჭერი გვახურავს. უფროსი ვაჟი, ცოტნე, 19 წლისაა. იგი გასულ წელს 100%-იანი დაფინანსებით ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წარჩინებული სტუდენტია, რადგან თვლის, რომ კაპიტანს კარგი ცოდნა უნდა ჰქონდეს, რადგანაც ადამიანების სიცოცხლე აბარია.
ჩემი ქალიშვილი, მარიტა 13 წლისაა. ხან ჯარი უნდა, ხან – იურისტობა. ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა. მშვილდოსნობაზე დადის. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ჩემი შვილი რაღაცას აუცილებლად უნდა ისროდეს-მეთქი. გარეგნობითაც და ხასიათითაც ძალიან მგავს. არ ვიცი, ცხოვრება რას მოუტანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემზე ღირსეულად გადალახავს სიძნელეებს. ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის ერთგვარ სკოლად იქცა. როცა მე და ჩემი ვაჟი ვსაუბრობთ, ხშირად მითქვამს, ასე მხოლოდ გამოცდილი ადამიანები ლაპარაკობენ-მეთქი. შენი გამოცდილება მალაპარაკებსო, მპასუხობს ხოლმე.
წერ ჩანახატებს, ლექსებს
– შიგადაშიგ ვწერ ხოლმე. ლექსებში უფრო სენტიმენტალური ვარ. ცხოვრებაში კი შორს ვარ სენტიმენტებისგან. ერთი სიტყვით,
ორი სამყარო მაქვს. ერთში სულ სტარტზე ვარ, მეორეში კი – დაღლილი. ეს ორი სამყარო მაბალანსებს და წონასწორობას მაცვევინებს. კარგა ხანია, ჩემი ლექსები არც გამხსენებია. ერთი ლექსი ამომიტივტივდა რატომღაც, სტუდენტობისდროინდელი, რომელსაც ისედაც ხშირად ვიხსენებ:

ქარი გიჟია და აშარი,   
ქარი, შფოთიანი ქარი,
ქარი იგივეა, რაც არი,
ქარმა როდი იცის ქალი.
თუ აგიყოლია, იცოცხლე,
ლამის დაგაგლიჯოს კალთა,
ლამის დაგავიწყოს სიცოცხლე,
ქარმა, ამ აშარმა ქარმა.
ლამის აგირიოს გზა-კვალი,
ლამის მოგაშოროს ფესვებს,
ქარი გიჟია და აშარი,
მაგრამ უქაროდაც ვერ ძლებ.ქარი ცხოვრებას ჰგავს, იცოდე,
არ შემოგიგლიჯოს კარი,
თორემ დაგავიწყებს სიცოცხლეს,
ქარმა როდი იცის ქალი!..

ჰობი
– ჩემი ჰობია სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ნიმუშების შეგროვება. სადაც მივდივარ, ვყიდულობ და მომაქვს, თუ ჩემთან ჩამოდიან სტუმრად და ასეთი რამეებს მჩუქნიან, ვინახავ და სასოებით ვუფრთხილდები. ვაგროვებ, ასევე, იმ საგნებს და ნივთებს, რაც ჩემი ცხოვრების ძირეულ მოვლენებთან და პროცესებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ჩემი „ექსპონატების“ არქივშია საპატიმროდან გამოგზავნილი პატიმრების ხელით ხეზე ამოკვეთილი ჯვრები და ხატები. ჯარისკაცებსაც ჩამოაქვთ ხოლმე აფრიკისა და ავღანეთის მისიიდან ადგილობრივების მიერ შესრულებული სხვადასხვა ნამუშევარი და ნახატები.
ტამიშის დესანტთან ბრძოლის დროს ჩვენმა მეომარმა ლექსის წაკითხვა მთხოვა. რეზო ამაშუკელის „თოვს, მარტმა ამინდი არია“ წავუკითხე. გაიპარა, მინდვრის ყვავილები დაკრიფა და პირდაპირ ბრძოლის ველზე მომართვა. თაიგული ფარაჯის ჯიბეში ჩავიდე და დღესაც შენახული მაქვს.
ხუთი წლის წინ, აფხაზეთში ყოფნისას, სოხუმში, მინისტრთა საბჭოს წინ, პარკში, მაგნოლიისა და მუშმალის ფოთლები დავკრიფე და წამოვიღე. იმათაც სასოებით ვინახავ. ავღანეთიდანაც ჩამოვიტანე იმ ეკლესიის ქვები, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ააგეს ბაგრამში.
ოცი წლის წინ, აფხაზეთის ომში ნახე მარცხი, ახლობელი ადამიანების დაღუპვის სიმწარემას შემდეგ ასაკი მოგემატადრო გავიდა…. ამბობ, რომ გული არ შეგცვლია, არც იმის რწმენა, რომ მეომარი ბრძოლაში კვდება! 2008 წლის მერე, როგორ გესახება დაკარგული ტერიტორიების მომავალი?

გაგრა -2014, ზაირა მიქატაძის ფოტო

– ომი ყველგან საშინელებაა, მით უფრო, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში. მე ახლაც ომში ვარ, რადგან 26 წელიწადია, მუდმივად დავდივარ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებში, ვისმენ ტრაგიკულ ისტორიებს, ვათვალიერებ ომის კადრებს… ეს საკმაოდ მძიმე მისია გახლავთ და შეიძლება ითქვას, ამ ტრაგედიით ვცხოვრობ კიდეც. თუმცა რწმენა ნამდვილად იგივე დარჩა, რომ მეომარი ბრძოლაში კვდება. არც გული შემცვლია.
ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი კვლავ მე ვიქნები, ვინც ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დავდგები. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს აღარ მოხდება. აფხაზებთან და ოსებთან საომარი არაფერი გვაქვს. მე არ მინდა ცარიელი ტერიტორიები მათ გარეშე. ეს იგივეა, ჩემმა ძმამ მშობლების სახლი რომ დამითმოს, მიდი და იცხოვრეო. მე ჩემი მშობლების სახლი და, თუნდაც ჩემი სანუკვარი ბებიის, მაშინ მახარებს, როცა ჩემი და-ძმითა და ჩვენი შვილებითაა იგი სავსე. ომის შემდეგ აფხაზეთში მოგზაურობამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, ბევრი მოვლენა სხვაგვარად დამანახა. თუ იქამდე მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვას განვიცდიდი, მას შემდეგ აფხაზების დაკარგვასაც განვიცდი. ჩვენ მხოლოდ თანამემამულეები კი არა, ოჯახის წევრები დავკარგეთ. 1991-92 წელსაც ვესროლეთ ერთმანეთს ტყვია აქ, თბილისში, ასევე, დასავლეთ საქართველოშიც, მაგრამ შევრიგდით და ქვეყანას ისევ ერთად ვაშენებთ. იგივე გზას უნდა დავადგეთ ოსებთან და აფხაზებთანაც. ოღონდაც ამის გულწრფელი სურვილი უნდა დავანახოთ მათ და იმედი. იმის იმედი, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოში ყოველმხრივ დაცულები იქნებიან.
სამომავლო გეგმები
– ყოველი გაკეთებული საქმის მერე უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის. მგონია, რომ უფრო უკეთ უნდა გამეკეთებინა, უფრო მეტი შემიძლია და მომეთხოვება. ავღანეთში ყოფნის დროს მე ნატოს ბაზებიდან შევხედე ავღანეთს.
დიდი სურვილი მაქვს, ავღანელის მიწურიდან შევხედო სამყაროს.

სოხუმი – 2014 წელი, ზაირა მიქატაძის ფოტო

გარდა ამისა, გეგმაში მაქვს მოვინახულო ფერეიდანი. საკუთარი თვალით ვნახო, საკუთარი ყურით მოვისმინო, როგორ შეინარჩუნეს იქაურმა ქართველებმა თვითმყოფადობა, და მერე იგი მთელ ქვეყანას გავაგებინო.
ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ ათწუთიან დოკუმენტურ ფილმებს ჯარისკაცებსა და მეომრებზე.
გეგმაში მაქვს, თავად ვისწავლო მონტაჟი, რათა სამომავლოდ ამ ფილმების გაკეთება გამიადვილდეს. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, გამოვცე წიგნი სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ბიჭებზე. სწორედ ამ ბატალიონს ვახლდი ხოლმე აფხაზეთში. გავაგრძელო „მეციხოვნეს“ გამოცემა, რადგანაც ჯერ კიდევ ბევრი უცნობი გმირის ისტორია მაქვს მოსაძებნი.
წაგებულ ომებს ყოველთვის ჰყავდათ გმირები. სამასი თავდადებული არაგველის ბრძოლამ გადაფარა კრწანისის ომი. აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებსაც ჰყავს ბევრი გმირი, რომელთა შესახებ თაობებმა უნდა გაიგონ. სანამ ცოცხალი ვარ,  ამ მარგალიტების შეგროვებით არ დავიღლები. უახლოესი გეგმები ეს არის, თუ ღმერთმა სხვა კეთილშობილური აზრები მიკარნახა, ჩემი ოჯახის, ხალხისა და ქვეყნის სამსახურისთვის უკან არაფერზე დავიხევ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები