ირაკლი კობახიძე: გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი – მაგისტრატურას, ორივე შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი

ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.

„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები