ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება
რაც შეეხება მეოთხე ამოცანას, ეს არის სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და ინტეგრაცია კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის.
„პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს კვლევითი ინსტიტუტები. საჭიროა არსებითი, თვისებრივი ინტეგრაცია კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის. დღეს არის უზრუნველყოფილი ეს ინტეგრაცია, თუმცა არსებითად ფორმალურია, ხშირად კვლევითი ინსტიტუტები ჩაკარგულია სისტემაში. ჩვენ გჭირდება კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და ამისათვის უნდა დაინერგოს კვლევის დაფინანსების სრულიად ახალი სისტემა, რომელიც იქნება უნივერსიტეტებზე ორიენტირებული და უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის წახალისებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სწორი სისტემის პირობებში უზრუნველვყოთ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ყველა ძირითად საგანსა და ასევე ყველა დამატებით საგანში თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების მომზადება, ყველა მიმართულებით, უკლებლივ ყველა სპეციალობაზე, ყველა ფაკულტეტზე. შეგვიძლია ამის გაკეთება სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, მთავარია, სწორი სისტემა დაინერგოს, ისეთი სისტემა, რომელიც დღეს საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.