ირაკლი კობახიძე: მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში, სამეცნიერო დებატები, სამეცნიერო დისკუსიების მოცულობა, რაც თავისუფლად გამოსწორებადია, უბრალოდ ამისთვის საჭიროა მწყობრი სისტემა

გამოწვევაა სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში, რაც თავისუფლად გამოსწორებადია, უბრალოდ ამისათვის საჭიროა მწყობრი სისტემა.

„ზოგადად, კვლევა უნივერსიტეტებში პრაქტიკულად არ წარმოებს იმ მასშტაბით, როგორც უნდა წარმოებდეს. მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში. ჩვენთან მოქმედებს მეცნიერების დაფინანსების სრულიად განცალკევებული სისტემა, რომელიც არ არის ინტეგრირებული უნივერსიტეტების მიზნებთან და ამოცანებთან და ამასაც სჭირდება ცვლილება. აკადემიურ პერსონალსაც არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები კვლევისა და მეცნიერების სფეროში. მაგალითად, იგივე სახელმძღვანელოების მომზადების სფეროში და ა.შ. რეალურად, იშვიათად არიან დაკავებულები პროფესორ-მასწავლებლები სამეცნიერო საქმიანობით, მათ შორის, სახელმძღვანელოების მომზადებით, პროგრამების განვითარებაზე ზრუნვით და ა.შ. ამის შედეგი არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და არ გვაქვს მაღალი დონის სახელმძღვანელოები, ხშირ შემთხვევაში ძირითად საგნებშიც კი. მაგალითად, მე ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს და ორი ძირითადი საგანი გვაქვს – კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. ამ ორიდან ერთ-ერთში საერთოდ არ არის თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. ამის გამოსწორება შესაძლებელია ძალიან მარტივად და ამაზეც, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პასუხი. მცირეა, ზოგადად, უნივერსიტეტებში სამეცნიერო დებატები, სამეცნიერო დისკუსიების მოცულობა, რაც შეიძლება თავისუფლად გამოსწორდეს, უბრალოდ ამისთვის საჭიროა მწყობრი სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები