საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ლევან აკინის ფილმის გამო, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამო განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, ავრცელებს განცხადებას:
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია) წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიაში.
ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის – მგზავრობას ლოს-ანჯელესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა.
ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა ერთხელ უკვე გაწია ხარჯი 12 500,00 (თორმეტი ათას
ხუთასი) ლარის ოდენობით მიმდინარე წლის მაისში იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრს (ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ქეთი დანელია, ნინო ჯინჭარაძე, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი) მონაწილეობა მიეღო კანის კინოფესტივალის პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული“.
კინოცენტრი წარმატებას უსურვებს ფილმს, მის ავტორებს, მთელს შემოქმედებით ჯგუფს და ამ ფილმის ყველა გულშემატკივარს. იმედს გამოვთქვამთ, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ „ოსკარითა“ და „ოქროს გლობუსით“ დაგვიბრუნდება“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები