მესაქონლეობის გამოწვევები საქართველოში – როგორ დავეხმაროთ ფერმერებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარი მეცხოველეობის სექტორზე მოდის. შესაბამისად, ამ მიმართულების განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ფერმერების კეთილდღეობასთან. საქართველოში მეცხოველეობის დარგში არსებულ პოტენცილს არავინ უარყოფს და დარგს რომ განვითარების მეტი პერსპექტივა და ინვესტირების კუთხით მეტი შესაძლებლობება აქვს ყველა თანხმდება.

როგორია დღევანდელი სურათი საქართველოს აგრო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დარგში – მეცხოველეობა? – შეიძლება ითქვას, არც თუ ისე სახარბიელო, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯებიც ბევრი შეინიშნება, ამის დასტურია ღონისძიება „მესაქონლეობის ექსპო“, რომელიც შაბათს, 12:30 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ, იპოდრომზე გაიმართება.  საქართველოს მასშტაბით მოქმედი 17 ფერმის 30-მდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.

„მესაქონლეობის ექსპო 2019“-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის.

სიახლეს სულაც არ წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დღევანდელი ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება, საკმარისად ვერ აკმაყოფილებს. „მესაქონლეობის ექსპო 2019“ კი მსხვილფეხა საქონლის მფლობელ ფერმერებსა და რძის მწარმოებლებს დაეხმარება უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები გახდნენ.

მეცხოველების დარგის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა, თუმცა მაინც იზრდება. ამის დასტური ისიცაა, რომ  „მესაქონლეობის ექსპოში“ მონაწილეობას იღებენ არამხოლოდ ფერმერები და მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, არამედ, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები.

რასაკვირველია, დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ერთ სივრცეში შეხვედრა მათ სამომომავლო თანამშრომლობაზე დადებითად აისახება.

მედიაჰოლდინგი „კვირა“ „მესაქონლეობის ექსპო 2019“-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ზოგადად მეცხოველეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ, ღონისძიების საოგანიზაციო ჯგუფის წევრსა და პროექტის – “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ ტექნიკურ დირექტორს ლაშა ავალიანს დაუკავშირდა.

– რატომ გადაწყდა “მესაქონლეობის ექსპოს“ გამართვა?

ყოველწლიურად “მესაქონლეობის ექსპოს” განხორციელების ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მესაქონლეობაში დღეისათვის არსებულ გამოწვევებზე რეაგირებას. კერძოდ,  ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული მესაქონლეობის დარგთან დაკავშირებული პროფესიონალების რაოდენობა და მათი განათლების დონე. კერძოდ, ცხოველთა მომშენებლები, ვეტერინარები, ცხოველთა საკვების სპეციალისტები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გადამამუშავებელი ტექნიკოსები და სხვა.

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში იგრძნობა პოზიტიური ტენდენცია, ქვეყანაში რეგისტრირდება ახალი, უფრო ეფექტური ვეტერინარული პრეპარატები, ცხოველთა მოვლის საშუალებები. ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. ვითარდება ცხოველთა კვების, რძის შემგროვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები. სწორედ ასეთი წარმატებული კომპანიები და ექსპერტები იქნებიან წარმოდგენილი მესაქონლეობის ექსპოზე, რათა მათ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

„მესაქონლეობის ექსპო“ ასევე საშუალებას აძლევს რძისა და რძის პროდუქტების მომხმარებლებს დააგემოვნონ ადგილობრივი, ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქცია და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

– მიიჩნევთ, რომ „მესაქონელობის ექსპო“ და მსგავსი ღონისძიებები შეცვლის ფერმერთა ცნობიერებას ამ მიმართულებით? 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არსებული მესაქონლეობის ინტენსიური შენახვის სისტემა ფაქტობრივად სრულად გარდაიქმნა ექსტენციურ, წვრილი მეურნეობებით წარმოდგენილ სისტემაზე. ამ ყველაფრის პარალელურად შესუსტდა ფერმერთა ცნობიერებისა და ცოდნის დონე, თანამედროვე მიდგომებთან მათი მიღწევადობა და ბაზართან წვდომა. რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ის, რომ ადგილობრივ წარმოებას აქვს მაღალი დანახარჯები, ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ცხოველთა ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს და შესაბამისად უჭირს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაინც შეიმჩნევა მესაქონლეობის სისტემის მოდერნიზაცია, იქმნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფერმები, შემოდის მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე საქონელი და ხდება მათი შეგუება ადგილობრივ გარემოსთან.

თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი, რის შევსებასაც ცდილობს „მესაქონლეობის ექსპოს“ ინიციატივა. ყოველწლიურ ღონიძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან წარმატებული ფერმერები, ცხოველთა იმპორტიორები, მესაქონლეობის სფეროში ძირითადი საშუალებების მომწოდებლები, რძისა და ხორცის გადამამუშავებლები, ფინანსური ინსტიტუციები, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები, სხვადასხვა სერვისების მომწოდებლები და სფეროში ჩართული სხვა ექსპერტები, რითაც მესაქონლეობის ექსპოს მონაწილეებს და დამსწრეებს საშუალება ექნებათ ერთ სფეროში მოიძიონ საჭირო კონტაქტები, დაამყარონ კავშირები და განავითარონ საკუთარი წარმოება.

“მესაქონლეობის ექსპოზე” წარმოდგენილი იქნება მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მთელი ჯაჭვი, დაწყებული პირველადი წარმოებისგან (ფერმერები), დასრულებული მსხვილი სავაჭრო კომპანიებით. შედეგად მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნება ადგილობრივი წარმოების სრულ სურათზე.

– „მესაქონლეობის ექსპოს“ მეორე დღეს იგეგმება კონფერენცია „მსხვილფეხა საქონლის ფერმის მართვა“, რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება? 

“მესაქონლეობის ექსპოში” მონაწილე ფერმერებისათვის, ღონისძიების მეორე დღეს გაიმართება კონფერენცია მსხვილფეხა საქონლის ფერმის მართვის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ უნდა იმართებოდეს თანამედროვე ფერმა. უცხოელი და ქართველი ექსპერტები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა  თანამედროვე ფერმის დიზაინი და სტანდარტები, ცხოველთა კვება, ცხოველთა მომშენებლობა და ხელოვნური განაყოფიერება. ფერმერებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოში არსებული თანამედროვე მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშების შესახებ.

მიუხედავად არც თუ ისე მსუბუქი სოციალური მდგომარეობისა, საქართველოში არსებობენ ფერმერები, რომლებმაც საქმიანობა ნულიდან, ფიზიკურად შრომითა და მონდომებით დაიწყეს და დღეს ფეხზე მყარად მდგომი ფერემერების სახელი აქვთ.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ დაინტერესდა როგორია მეცხოველეობის დარგში არსებული მდგომარეობა, რას ფიქრობენ ფერმერები, რა გზებს მიმართავენ იმისთვის, რომ უფრო მეტად განავითარონ მეურნეობა და რა ხელისშემშლელ ფაქტორებს ხედავენ დარგის განვითარებაში.
„კვირა“ ერთ-ერთ ფერმერს 34 წლის ბექა გონაშვილს ესაუბრა, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკიდან არის:

„ფერმერობა ჩვენს ოჯახში 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს – როცა ცხონებულმა პაპაჩემმა, “გარაი ბიჭმა ბიძინამ”, მამისის ნაჩუქარი უნაგირი 4 ცხვარში გაცვალა და თავად კოლექტივის ვეტექიმმა კაცმა გააგრძელა და მიხედა ცხვარს. 56 ჯერ ასულა და ჩამოსულა ცხვართან ერთად ფეხით. მეც მან წამიყვანა პირველად ცხვართან საპარსავზე ნინოწმინდაში. მამაჩემიც, მიუხედავად თავისი პოლიტიკური კარიერისა და თანამდებობისა, სულ სოფლის მეურნეობას მისდევდა, ყოველ შაბათ-კვირა თოხი და ბარი ან მეთევზეებთან ჩასვლა დარჩენით, ან ვენახის გასხვლაში მონაწილეობა, ან კალოზე, ან საწყობში მოსავლის აღებების დროს მუშაობა გამოწერილი მქონდა. მიუხედავად ამისა, რატომღაც მერვე კლასიდან გადავწყვიტე, გავმხდარიყავი იურისტი, ვიტყოდი შერლოკ ჰოლმსის ამბავია-მეთქი, მაგრამ ფაქტია ეგ წიგნი მას შემდეგ წავიკითხე, როცა იურისტობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა.

იურისტობა იმდენად მინდოდა, რომ მე და ჩემი ძმაკაცი ლექსო ჩვენი სოფლიდან მეორე სოფელში, ზემო მაჩხაანში დავდიოდით სამართალში სამეცადინოდ. ის აბიტურიენტი იყო და უნდა ემეცადინა, მაგრამ მე ვინ  მრჯიდა მე-9 კლასელ ბალღს, არ ვიცი. გაკვეთილები საღამოთი გვიმთავრდებოდა ხოლმე, შამგლისფერებულზე და დავეშებოდით ხოლმე სერ-სერ, ოცნებებით იმაზე, რომ “შორიდან რო გამოხედავ იტყვი, პარიზიაოოო, უფრო ახლოს რო მიხვალ, იტყვი ლონდონიაოო, კიდე უფრო ახლოს მიხვალ და იტყვი, ეგეე, ჩვენი ტურფა არბოშიკიაო”.

როგორ გახდით ფერმერი?

ბექა გონაშვილი: 2009 წლიდან საკუთარი ბიზნესი, ცხვრის ექსპორტის მიმართულებით დავიწყე. 2011 წლიდან დედოფლისწყაროში გავხსენი პატარა ვეტაფთიაქი, შემდგომ მივაბი შხამქიმიკატების, სასუქების, ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა ქიმიური თუ ორგანული პრეპარატების რეალიზაცია. 2013 წლიდან დავიწყეთ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის დანერგვა მსხვილფეხა პირუტყვში, ხოლო 2015 წელს კი უკვე ღორებში. ასევე 2015 წელს გავაკეთე პირუტყვის საკვების საწარმო, რითიც ძალიან საინტერესო პროდუქტს ვთავაზობთ ადგილობრივ ფერმერებს. მაგრამ სამწუხაროდ ფერმერების განათლების დონე და სიახლეებისადმი სწრაფვა ძალიან დაბალ დონეზეა… სწორედ ამის აღმოფხვრას ვცდილობთ ტრენინგებით, ადგილზე ფერმერებთან ვიზიტებით. ის კი არა ჰიდროპონიკასაც კი ვაწყობდი, რომ იმ კატასტროფულ გვალვაში რაც 2014 იყო, ფერმერებისთვის მუდმივად მწვანე მასის პრობლემა მოგვარებულიყო. სხვათა შორის სატესტო გამოვიდა კიდეც, 1 კილო ქერიდან 6.5 კილო ჯეჯილი მივიღეთ შვიდ დღეში. დღესღეობით კი „საქართველოს ბანკში“ აგროკოორდინატორი ვარ.

როგორია თქვენი, როგორც ფერმერის დამოკიდებულება დღეს არსებულ სიტუაციაზე-მეცხოველეობის დარგში…

დღეს არსებული მდგომაროება მეცხოველეობის დარგში სახარბიელო და სასურველი რა თქმა უნდა არაა, მაგრამ ჩემი აზრით არც უიმედოა. საჭიროა, მეტად გავიაზროთ ის ღირებულებათა ჯაჭვი, სადაც ვმოღვაწეობთ და მოთამაშეები ერთმანეთთან ისე დავაკავშიროთ რომ ურთიერთსასარგებლო იყოს ყველა მხარისთვის. მათ შორის ფერმერებმაც უნდა იპოვონ და აღმოაჩინონ ის სუსტი მხარეები რაც გვაქვს. ამით დავაჩქარებთ პროცესს რომ დარგში გარდატეხა მოხდეს.

რა ხერხებით ცდილობთ, რომ უფრო მეტად განავითაროთ თქვენი საქმე?

21-ე საუკუნეში ხერხები უამრავია. გამოფენები, უცხოელი სპეციალისტების ვიზიტები და ასევე ჩვენი ვიზიტები უცხოეთში მდებარე ფერმებში იძლევა იმის საშუალებას, რომ განვავითაროთ საკუთარი ცოდნა, ამიტომ ვფიქრობ რომ საჭიროა გაძლიერდეს და უფრო პროდუქტიული გახდეს ზემოთ აღნიშნული საშუალებები, საიდანაც შეიძლება რომ მეტი ინფორმაცია და ცოდნა მიიღო.

რა არის თქვენთვის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები და რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

სამუშაო ძალა, ადამიანები, ვინც შეიძლება რომ დაასაქმო – მათი კომპეტენცია და უნარები. ვიმეორებ, გამოწვევაა ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი, რომელსაც ემატება კადრების და ზოგადად ნაკლები სამუშაო ძალა.

რას ისურვებდით, რომ მეცხოველეობის დარგში შეიცვალოს?

ვისურვებდი, რომ ცოდნისა და გამოცდილების მიღება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.

ზოგადად, მეცხოველეობის დარგი, დახმარების გარეშე, თავისთავად ვერ განვითარდება, თუ ყველა რგოლის ჩართულობა არ იქნა. ამ მოსაზრებას ეთანხმება ასოციაციის, “მომავლის ფერმერი” თავმჯდომარე, რუსუდან გიგაშვილი.

რუსუდან გიგაშვილი: მეცხოველეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და გადასაჭრელი პრობლემა ისაა, რომ განათლების დეფიციტია. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება „მესაქონლეობის ექსპო“ – იქ იქნებიან ზუსტად ის ფერმერები და ფერმები წარმოდგენილი, რომლებმაც  ახალი ტექნოლოგიები დანერგეს, აქვთ შესაბამისი ცოდნა და შეუძლიათ, რომ სხვა ფერმერებს ის საკუთარ გამოცდილებასთან ერთად გაუზიარონ. ღონისძიებაზე, ასევე, იქნებიან კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ამ დარგში გარკვეული მიღწევები „დადონ“ და ევროპიდან ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ. სწორედ ასეთ ნაბიჯებში ვხედავთ მეცხოველეობის დარგის განვითარების პერსპექტივას. თუმცა, ჩვენ მეცხოველეობაში ვერაფერს ვერ შევცვლით, სანამ საქართველოში პირუტყვს არ დავითვლით, სანამ არ იქნება მიკვლევადი… ხედვა გვაქვს, თუმცა, ამას სამოქმედო გეგმა სჭირდება, რომელიც აქტივში უნდა მოვიდეს. ამგვარმა ღონისიძიებებმა საკმაოდ მნიშვნელოვნად უნდა დაანახოს ერთის მხრივ სახელმწიფოს და მეორეს მხრივ კერძო სექტორს და დონორ ორგანიზაციებს, თუ საით უნდა მიმართონ ფინანსები. მნიშვნელოვანია, ისეთი ღონისძიებები გაიმართოს წელიწადში ერთხელ მაინც, სადაც გამოიკვეთება ის კონტურები, რაც მერე მთელი წლის განმვლობაში ორიენტირი იქნება სახელმწიფოსთვისაც თავისი სტრატეგიის ნაწილსა და სამოქმედო გეგმაში, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორისთვისაც. თუ გვაქვს ამბიცია, რომ მეცხოველეობის თავლსაზრისით ვიყოთ ღირსეული ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ „მესაქონლეობის ექსპო“ კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება მერძევეობას, თუკი ჩვენ მის განვითარებაზე ვისაუბრებთ, ვიცით, რომ ქვეყანაში  რძის მაღალი დეფიციტი გვაქვს – გვჭირდება ამ დარგის გადარჩენა. ჩვენი მიზანია, როგორმე ქვეყანაში შევინარჩუნოთ ნედლი რძე და მინიმუმამდე დავიყვანოთ ფხვნილით წარმოებული პროდუქტი. ასევე, რაც მთავარია გავზარდოთ მომხმარებლის ცნობადობა, როგორც კი მომხმარებელი მეწარმის მიმართ მომთხოვნი გახდება, მეწარმეც გაიზრდება, სახელმწიფოს მიმართ მომთხოვნი გახდება და ასე თანდათანობით, მეცხოველეობის დარგის განვითარების სისტემა შეიქმნება.

როგორც გამოჩნდა, აუცილებელია ჯიშთა გაუმჯობესება და ადგილობრივი გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალური გაუმჯობესება. ასევე, შეინიშნება საკმარისი ცოდნის მქონე კადრების ნაკლებობა, გამოცდილება და კვალიფიკაცია რომ ინვესტიციას მისცე სწორი და მეტად გარანტირებული მიმართულება.

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები