„ციფრული თბილისი“ – ალექს ოჟიეს აუდიოვიზუალური, სივრცითი პერფორმანსის წარდგენა გაიმართება
25 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროექტი „ციფრული თბილისი“ გაიხსნება და ალექს ოჟიეს აუდიოვიზუალური, სივრცითი პერფორმანსის – nybble-ს წარდგენა გაიმართება.
ალექს ოჟიეს აუდიოვიზუალური, სივრცითი პერფორმანსის წარდგენა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა ხიხონის LEV ფესტივალისთვის ესპანეთში, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ალექს ოჟიე პარიზში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსია. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ჰიბრიდულ ციფრულ ესთეტიკაზე რომელიც ხმოვანი და ვიზუალური ელემენტებით განივად კვეთს მუსიკას ტრანსვერსალური პერსპექტივით. ეს ელემენტები ურთიერთქმედებენ სივრცესთან და სინგულარული აუდიოვიზუალური პერფორმანსის ფორმას იღებენ. მისი არტპროექტების განუყოფელი ნაწილია დიზაინი, პროგრამირება და ტექნოლოგიები.
ალექს ოჟიეს ნამუშევრების პრეზენტაცია ხდება ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა Ars Electronika (ლინცი. ავსტრია); SAT (მონრეალი, კანადა); LEV (Laboratory of Visual Electronics. ხიხონი. ესპანეთი); scopitone (ნანტი. საფრანგეთი) Mapping (ჟენევა), ათენის ციფრული ფესტივალი; Nemo (პარიზი) Sonica (გლაზგო).
პროექტი „ციფრული თბილისი“ ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის „სკოპიტონის“ (Scopitone. Stereolux. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილი ფესტივალია თბილისში და ადაპტირებულია ქართული სახელოვნებო სცენისთვის.„ციფრული თბილისის“ მიზანია ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კოპროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის.
პროექტი 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.