ერდოღანი: ევროკავშირი მალე დაიშლება
თურქეთი საერთაშორისო მასშტაბის თავდასხმას და ზეწოლას უმკლავდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ქვეყნები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს 50 მილიონი ადამიანის დაღუპვაში არიან პასუხისმგებლები, დღეს თურქეთს ჰუმანიზმს ასწავლიან. ამგვარი განცხადებები ანკარაში ირონიას იწვევენ“, – განაცხადა ერდოღანმა და მოუწოდა დასავლეთს ორმაგ სტანდარტებზე უარი თქვას.
„ევროკავშირის დასასრული მალე დადგება, და ამის მიზეზი ორმაგი სტანდარტები იქნება, რომლებსაც ეს სტრუქტურა რიგი ქვეყნების მიმართ იყენებს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, რეალობისგან განსხვავებით, „მშვიდობის წყაროს“ ისეთ ოპერაციდ ასაღებენ, რომელიც არა ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ეთნიკური ქურთების წინააღმდეგ. თურქეთი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებს პირველად არ აწყდება. სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია არც ერთი ხალხის წინააღმდეგ მიმართული არ არის“,- განმარტა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის თქმით, „ევროპარლამენტმა მხოლოდ გუშინ გადაწყვიტა, რომ სირიის თავზე არასაფრენი ზონა იყოს გამოცხადებული. თურქეთი მსგავსი წინადადებით ჯერ კიდევ მაშინ გამოდიოდა, როდესაც ბაშარ ასადის რეჟიმის იერიშების შედეგად ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა, სირიის სხვადასხვა რაიონებში“.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რიგი ევროპელი ლიდერი ლტოლვილებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით აღშფოთდა.
„ანკარას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან შესაძლოა არალეგალი ლტოლვილებისთვის საზღვრები გახსნას. იყავით დარწმუნებული – თავის დროზე ეს საზღვრები გაიხსნება“,-განაცხადა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.