ბრიტანეთის პოლიცია ადასტურებს, რომ სატვირთოში ნაპოვნი 39 გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქეა

ესსექსის საგრაფოს პოლიცია ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 ოქტომბერს საგრაფოში სატვირთოში ნაპოვნი 39 გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქეა.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 8 ქალია, 31 მამაკაცი.

პოლიციაში მოუწოდებენ მედიას დაკავებულ პირთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

„ასევე ვადასტურებთ, რომ საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიის სამ მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს. თითოეულმა ცხედარმა ექსპერტიზის სრული პროცესი უნდა გაიაროს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი იყოს დადგენილი. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ გარდაცვლილთა ვინაობის დადგენას. ეს რთული პროცედურაა და ამჟამად არ ვიცით, რა დროს მოითხოვს ის“, – განაცხადეს პოლიციაში.

ამის პარალელურად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე ჩინეთის საკონსულოს თანამშრომლები მიემართებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები