ახლო აღმოსავლეთის შემდეგ პუტინი გავლენების განმტკიცებას აფრიკის კონტინენტზე ცდილობს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობა სტრატეგიულ და ხანგრძლივ ხასიათს ატარებს, კონტინენტის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამის შესახებ პუტინმა სოჭში განაცხადა, სადაც „რუსეთ-აფრიკის“ ეკონომიკური სამიტი და ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც კონტინენტის 54-ვე სახელმწიფოს ხელმძღვანელი მონაწილეობს.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აფრიკის ხალხთა ეროვნულ – განმანათლებელ მოძრაობას თანმიმდევრულად უჭერდა მხარს, „წვლილი შევიტანეთ ახალგაზრდა სახელმწიფოების ფეხზე დადგომაში, ეკონომიკის განვითარებაში, ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალების შექმნაში“.
მისი თქმით, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ მოხდეს რუსეთ-აფრიკის ურთიერთქმედება სხვადასხვა მიმართულებით.
„ხაზს ვუსვამ, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აღნიშნა პუტინმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთი მზად არის აფრიკის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და სამხედროების მომზადება გააგრძელოს, რომ მოხდეს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პუტინის თქმით, მოსკოვს კონტინენტის 30-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული სამხედრო-ტექნიკური შეთანხმება, რომლებსაც კრემლი შეიარაღებისა და ტექნიკის ფართო სპექტრს აწვდის.
ამასთან, კრემლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აფრიკის ქვეყნების განვითარებას ხელს ტერორიზმი, ექსტრემიზმის იდეოლოგია, მეკობრეობა და ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ შედეგები უშლის.