ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება პროვოკაციულია
საოკუპაციო რეჟიმის განცხადება პროვოკაციულია, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, თითქოს ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ.
“ეს არის დეზინფორმაცია, იმიტომ რომ არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არ აქვს. თავისთავად განცხადება არის პროვოკაციული. საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩორჩანას მიდამოებს, რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა და ასეთი ტექნიკური შეხვედრა ჩანიშნული გახლავთ. ცხადია, ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ, ქართული მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს”, – განმარტა ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმი თბილისის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. ე.წ. “უშიშროების სამსახურის“ პრესმდივნის, ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით, ატოცთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა შემაშფოთებელია, რადგან შექმნილი ვითარება შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ქმნის.
მისივე თქმით, ქართული დაზვერვის სამსახური მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეცდომაში შეჰყავს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს კი ე.წ. საზღვართან მისვლის და მოვლენების ობიექტურად გაშუქების უფლებას არ აძლევს.
ბიაზროვას თქმით, ქართული სპეცსამსახურები წნელისის მონაკვეთზე მასშტაბური პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ.