ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ ყველა თემას ფუნდამენტურად ვსწავლობთ და საზოგადოებას მათი გადაჭრის გზებს შევთავაზებთ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა
ჩვენ ყველა თემას ფუნდამეტურად ვსწავლობთ და საზოგადოებას მათი გადაჭრის გზებს შევთავაზებთ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა არაეფექტურად იმართება.
“ჩვენ დღეიდან რეგულარულად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე. იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა სხვადასხვა მიმართულებით, ეხება ეს ეკონომიკას, ეხება ეს განათლებას, საგარეო პოლიტიკას, კონფლიქტებს თუ ოკუპაციის პრობლემატიკას. ჩვენ ვსწავლობთ ყველა თემას ფუნდამენტურად და საზოგადოებას შევთავაზებთ გადაჭრის გზებს, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. საზოგადოებას და მოსახლეობას შევთავაზოთ ის გზა, რომ გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები ქვეყანაში, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში და მის გარეთ. დღეს ქვეყანა არაეფექტურად იმართება, ვხედავთ როგორ არაეფექტურად იმართება გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები. საქმე ეხება სახელმწიფო საწარმოებს, სადაც თავმოყრილი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივები, რომლებიც შექმნილია ხალხის ფულით. ამ აქტივების არაეფექტური და უყაირათო მართვის გამო, იკარგება უზარმაზარი რაოდენობის თანხები. 2013 წლიდან 2019 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა. ჩვენ ვსაუბრობთ კატასტროფულ ტენდეციაზე. პრაქტიკულად, 6 წელზე მეტია მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არ იზრდება. ეს იმ დროს, როცა ჩვენ გვჭირდება დიდი ტემპებით ზრდა, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა და მათი შესაძლებლობები, რომ გამოვიდეთ იმ სიდუხჭირიდან რომელშიც ქვეყანა იმყოფება”, – განმარტა ჯაფარიძემ.