სასამართლომ თემურ ბასილიას უკანონო დევნის გამო 123,598.37 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა

2019 წლის 22 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ყოფილი ვიცეპრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას პოლიტიკური ნიშნით დევნისა და უკანონო მსჯავრდების გამო მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის საკითხის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ სახელმწიფოს თემურ ბასილიას უკანონო, პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო 123,598.37 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

“ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, თემურ ბასილიას მიმართ მიყენებული ზიანი ექვსი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრა: 1. მიუღებელი შემოსავალი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამასთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო, 2. იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების გამო, 3. საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური კომპენსაციის მიუღებლობის გამო, 4. აშშ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდა, 5. 2006 წლის შემდეგ მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით და უკანონო დევნის გამო საკუთარი პროფესიით მუშაობის უფლების შეზღუდვაში, ასევე, იმ უფლების შეზღუდვაში, რომ საკუთარი შრომით მიეღო შემოსავალი და საარსებო საშუალება (გაეროს განვითარების პროგრამასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შეწყვეტის, ასევე, შემოთავაზებულ კონტრაქტებზე უარის თქმის გამო) და 6. მიყენებული მორალური ზიანი გამო.

საქმეში წარმოდგენილი იყო, როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ასევე, აუდიტორული ფირმა: “ბაკაშვილი და კომპანია“ საფინანსო-ეკონომიკური ესპერტიზის დასკვნები. ორივე დასკვნა ადასტურებს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ თემურ ბასილიას სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლომ საფუძვლიანად ცნო და გაიზიარა თემურ ბასილიას მიმართ დამდგარი რეალური ზიანი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამასთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავლის გამო. ასევე, იურიდიული მომსახურების აუცილებლობის გამო გაღებული ხარჯები. ამასთან, სასამართლომ ცალკე იმსჯელა და სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნა. სასამართლომ არ გაიზიარა სხვა საკითხები და განმარტა, რომ „ზიანის“ ქვეშ უნდა მოიაზრებოდეს განჭვრეტადი და მოსალოდნელი, ნამდვილი ზიანი. მხარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა დავას სააპელაციო წესით იმ ნაწილში, სადაც სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო.

“ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, თემურ ბასილია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა 2008 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრი დაედო. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2017 წლის 27 იანვარის დადგენილება „მსჯავრდებულ თემურ ბასილიას მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ და ახალი გამოძიების შედეგად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკური ნიშნით იქნა დევნილი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს “ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ”ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია “ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. წინა ხელისუფლების უკანონო მოქმედებები და ბრძანებები სასამართლოს წინაშე დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც. მოწმეებმა გამორიცხეს თემურ ბასილიას მიერ ბანკის სამსახურეობრივი მფარველობა, ისაუბრეს ასეთი დაშვების სამართლებრივი და ფაქტობრივი ხასიათის შეუძლებლობაზე და დეტალურად გაიხსენეს თემურ ბასილიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის პროცესი. 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა კიდეც პოლიტიკური დევნილის სტატუსი. თემურ ბასილიას საქმე მოხვდა 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე.

ცნობისთვის, თბილისის სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პირველი სხდომა 2019 წლის 29 მაისს გაიმართა. თემურ ბასილიას ინტერესებს “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა. საქმე მოსამართლე თამარ ხაჟომიამ განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები