ამირან სალუქვაძე: ცრუ ინფორმაციებმა საინფორმაციო სივრცე წალეკა

ცრუ ინფორმაციებმა საინფორმაციო სივრცე წალეკა,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

სალუქვაძე მიიჩნევს, რომ საინფორმაციო სპეკულაციები უკვე განუკურნებელი დაავადებაა.

“ამ დღეებში ერთმა ცრუ ინფორმაციამ მიიპყრო ყურადღება. ცრუ ინფორმაციას ჩიქორთულად “ფეიკ-ნიუსი” ჰქვია. მოკლედ, გავრცელდა “ფეიკი” ნათია თურნავას გადადგომის შესახებ. მინისტრების წასვლა და მოსვლა ჩვეულებრივი თემაა და არც მიიქცევდა ყურადღებას, იმის მიუხედავად, რომ ოცნებას არ ჰყავს გასაშვები კადრები. ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ თავად პრემიერს მოუწია კომენტარის გაკეთება და ამ ცრუ ინფორმაციის უარყოფა. ინფორმაცია რომ “ფეიკი” იყო, ეჭვს არც იწვევდა. 7 წლის მანძილზე მინისტრების დანიშვნა და გადაყენება სტანდარტულად ხდება და ბრიფინგზე ცხადდება. თემით მოგვიანებით დავინტერესდი, როცა ამ ინფორმაციასთან ერთად ტელე-სიუჟეტს მოვკარი თვალი, რომელშიც ვეტერანი ავიატორები იყვნენ ჩართულნი. შემდეგ მოყვა თავად მინისტრის განმარტებებიც.

ორი ნიუანსის გამო გადავწყვიტე თქვენი ყურადღების მიქცევა ამ, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტით:

1. ასეთი ცრუ ინფორმაცია იშვიათად ვრცელდება, როცა თანამდებობის პირის გადადგომა, როგორც შემდგარი ფაქტი ცხადდება;

2. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ან სხვა პირს, რომლებიც ამ ბოლოს თითქოს თავს იკლავენ ცრუ ინფორმაციებთან (“ფეიკ ნიუსებთან”) ბრძოლით.

არადა, როგორი თვალსაჩინო “ფეიკია”, როცა წამყვანი სააგენტოები როგორც მომხდარ ფაქტს, ისე ავრცელებენ ინფორმაციას, – “ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს”. თან ამ “ფეიკს” მოჰყვა ამ თანამდებობის პირზე შეტევის მთელი ბუკეტი. “ფეიკ ნიუსს” “ფეიკ სიუჟეტი” ახლდა, როცა “ტავ ჯორჯიასთან” დაკავშირებით თურნავას ხელმოწერილი წერილი “გააძვრეს” და ბრალი დასდეს დანაპირების შეუსრულებლობაში. მერე რა რომ წერილი 2004 წლით თარიღდება, ხოლო “ტავ ჯორჯიასთან” ყალთაბანდური კონტრაქტი 2005 წელს ფორმდება, როცა თურნავა ეკონომიკის სამინისტროში უკვე აღარ მუშაობდა?! ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა?! მთავარია გაჟღერდეს. მოსახლეობის უმეტესობა დეტალებს არ აქცევს ყურადღებას. მესმის ძველი ავიატორების, რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავენ და აეროპორტში წილებს ითხოვენ. უბრალოდ დროში ძალიან ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. კერძოდ, ამ პერიოდს ემთხვევა ქუთაისის აეროპორტის ავიარეისების გასამმაგება. როგორც მოგეხსენებათ, თურნავას აქტიურობით ქართულ ავიაბაზარზე ცნობილი ავიაკომპანია რაინეარი შემოვიდა, რის საპასუხოდ ვიზეარმა იაფფასიანი რეისების რაოდენობა გააორმაგა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ს და ჩინეთის მიმართულებებზე პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს ბევრს არ აწყობს. აქ იკვეთება როგორც აეროპორტების კონკურენცია, ასევე საავიაციო სფეროში მონოპოლისტთა ინტერესები. აქვე თუ ანაკლიის თემასაც მივაბამთ, ეკონომიკის მინისტრის სამიზნეში ამოღება არ უნდა გაგვიკვირდეს. სიღრმეებში აღარ ჩავწვდები თუ რა ხდებოდა რუსეთის მხრიდან საავიაციო ემბარგოს დაწესების შემდეგ, ასევე ვინ ვისთან რა მიმოწერას აწარმოებდა, ვინ რომელ პოლიტიკურ, განსაკუთრებით ახლადშექმნილ მოძრაობაშია და ა.შ. არ გადაგღლით. სიმართლე გითხრათ, ავიაკომპანიების მიერ მოწყობილი საინფორმაციო შტურმის და “ფეიკ ნიუსების” არ მჯერა. ეს უფრო პოლიტიკურ ჯგუფებს ეხერხებათ, რომლებიც, საკუთარი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მანიპულირებენ თემებით, ღირებულებებით, ადამიანებით. ავიატორებიც უბრალოდ გამოიყენეს, თორემ თუ მათი ინტერესების დაცვა სურდათ, სად იყვნენ 2005 წელს? თუ “ტავ ჯორჯიას” კაბალური, ქვეყნისთვის წამგებიანი პირობებით აეროპორტი მე გადავეცი?!

ესაა ამ ცრუ ინფორმაციის მთელი ანატომია. ვინ დაუკვეთა და ვინ იხეირა, დასკვნებს არ გავაკეთებ და არც მაინტერესებს. ამაზე სხვამ იფიქროს. ალბათ არც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი.

მთავარ კითხვებს დავუბრუნდები:
– თუ ავრცელებთ “ფეიკ ნიუსს”, რას ეყრდნობით და როცა სიცრუე აღმოჩნდება, რატომ არ უარყოფთ და ბოდიშს რატომ არ იხდით?
– მოხვდება თუ არა ეს ფაქტი, როგორც “ფეიკ-ნიუსის” თვალსაჩინო ნიმუში, პროფილური ენჯეოების ანგარიშებში?

არადა, ასეთმა ცრუ ინფორმაციებმა წალეკა საინფორმაციო სივრცე.

თუმცა, სინამდვილეში, ამ წერილის მიზანი, არც “ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლაა, საინფორმაციო სპეკულაციები უკვე განუკურნებელი დაავადებაა, არც ვინმეს გამოქომაგება. უბრალოდ, შიგადაშიგ, დავსვი გარკვეული აქცენტები. თუ საჭირო გახდა, ამ აქცენტებს უფრო გავამძაფრებ”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები