„როტარი კლუბის“ წევრებმა „კათარზისის“ ბენეფიციარებს ერთი განსაკუთრებული დღე აჩუქეს

0

„როტარი კლუბი – თბილისი ამბასადორი“, სოციალური აქციის ფარგლებში,  მოხუცთა თავშესაფარს, „კათარზისს“ ესტუმრა.
„როტარი კლუბი – თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტის, ნინო ჯოხაძის თქმით, „როტარი კლუბის“ წევრებმა გადაწყვიტეს, „კათარზისის“ ბენეფიციარებისათვის, მათდამი პატივისცემისა და სითბოს გამოსახატავად, ერთი განსაკუთრებული დღე ეჩუქებინათ.  „როტარი კლუბის“ წევრმა და საკონსულტაციო კომპანია „გასტრონავტის“  შეფ-მზარეულმა გოგა მაისურაძემ სპეციალურად მათთვის ქართული კერძების მასტერკლასი ჩაატარა.
„კერძების მომზადების შემდეგ, რაშიც კლუბის წევრებიც მონაწილეობდნენ, მათ გემრიელი კერძებით გავუმასპინძლდით. ასევე აღვნიშნეთ ერთ-ერთი ბენეფიციარის დაბადების დღე, რომელსაც 89 წელი შეუსრულდა. „კათარზისს“ კლუბის სახელით გადავეცით მცირედი საჩუქარი – ჩვენი წევრის შვილის, ბარბარე ხანთაძის მიერ შესრულებული ნახატი.
ამასთან ერთად, „კათარზისში“ ვიზიტორი ადამიანებისათვის „როტარი კლუბის“ წევრებმა მოირგეს „მიმტანის“ ამპლუა და მოემსახურნენ მათაც, რაშიც უდიდესი სიამოვნება და დადებითი მუხტი მიიღეს.
„როტარი კლუბის“ თითოეული წევრისათვის დიდი სიამოვნებაა მსგავს აქციებში მონაწილეობა და ადამიანების დახმარება“, – აღნიშნა ნინო ჯოხაძემ.
საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარი კლუბი“ წარმოადგენს საქმიანი ადამიანების საზოგადოებას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით: განათლება, დაავადებების პრევენცია, სამშვიდობო, წყლის და სანიტარული ნორმები, ეკონომიკური განვითარება და დედა-შვილის ჯანმრთელობა.
როტარის საერთაშორისო სლოგანია: „Service above self“, ხოლო მის ქართულ შესატყვისად კლუბმა აირჩია: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია“.

 

 

კომენტარები

კომენტარი