პაატა სალია: ტელევიზიის 60 %-იანი წილის დაყადაღება, არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის

0

ტელევიზიის 60 %-იანი წილის დაყადაღება, არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ “რუსთავი2-ის” გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

“არხი არ მონაწილეობს სასამართლო დავაში, დაყადაღებული არის უშუალოდ ფიზიკური პირის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 % წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს რომ, კომპანიას რაიმე საფრთხე შეექმნას. პირიქით, უახლოეს პერიოდში “რუსთავი 2” იწყებს ახალ გადაცემებს და სულ მალე ეთერში იქნება ახალი მეგა-შოუ. ქიბარ ხალვაში განაგრძობს ტელევიზიაში ინვესტიციებს.

ქიბარ ხალვაშის პოზიცია არის, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩავიბაროთ განჩინება და შემდეგ უკვე იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვაპირებთ გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები. ეს შეიძლება იყოს გასაჩივრება, ან სხვა საპროცესო მოქმედება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცნობთ განჩინების შინაარსს, ზეპირი გადმოცემით ვიცით მხოლოდ ის, რომ მოხდა წილების დაყადაღება,”- განმარტა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, “რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის დაბრუნებაზე, წარმოებაში მიიღო.

ყადაღა ძალაში საქმის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. “რუსთავი 2″-ის დამფუძნებლებმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი