ბარსელონის აეროპორტში ბარსელონა-თბილისის გაუქმებული რეისის შვიდი მგზავრი რჩება, რომლებიც გამომგზავრებას სავარაუდოდ დღესვე შეძლებენ
მოქალაქეების მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი საქართველოს ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი გამომგზავრებას სავარაუდოდ დღესვე შეძლებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას აეროპორტიდან თბილისში დაბრუნებას რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.